ვოლოდიმირ ზელენსკი პარლამენტს მოუწოდებს, მიიღოს საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მოიცავს უკრაინაში მებრძოლი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის უკრაინის პასპორტის გადაცემას
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარლამენტს მოუწოდებს, მიიღოს საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მოიცავს უკრაინაში მებრძოლი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის უკრაინის პასპორტის გადაცემას.
ამის შესახებ განცხადება ზელენსკიმ საგანგებო მიმართვისას გააკეთა.
უკრაინის პრეზიდენტი სთხოვს ქვეყნის პარლამენტს, შეიკრიბოს და მიიღოს „თავდაცვითი საკანონმდებლო პაკეტი”, რომელიც კურსკში მებრძოლი უკრაინელი და სხვა ქვეყნის მოქალაქეთა სტატუსის განსაზღვრას მოიცავს.
ზელენსკის თქმით, ეს პაკეტი მოიცავს საკანონმდებლო დონეზე გარანტიებს, რომ კურსკში ან რუსეთის სხვა ოლქებში მებრძოლი უკრაინელი ჯარისკაცები ისარგებლებენ იმავე შეღავათებით, რომლითაც უკრაინაში წინა ხაზზე მებრძოლი სამხედროები სარგებლობენ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ მაქსიმალურ დაფასებასა და აღიარებას იმსახურებენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც უკრაინისთვის იბრძვიან. ზელენსკის თქმით, ეს მებრძოლები იმსახურებენ უკრაინის მოქალაქეობის მიღებას.
„ყველა მეომარი, რომელიც იცავს უკრაინის სახელმწიფოს, ჩვენს ხალხს, ჩვენს დამოუკიდებლობას, იმსახურებს აღიარებას და მაქსიმალურ მხარდაჭერას. ეს ეხება ჩვენს ლეგიონერებს, რომლებსაც ჯერ არ აქვთ უკრაინის მოქალაქეობა. ისინი იმსახურებენ, იყვნენ ჩვენი მოქალაქეები. ეს ასევე სამართლიანად უნდა გავრცელდეს ჩვენი გმირების ოჯახების წევრებზეც“, – განაცხადა ზელენსკიმ.