ვოლოდიმირ ზელენსკი ნიუ იორკში აშშ-ის კონგრესის ორპარტიულ დელეგაციას შეხვდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნიუ იორკში აშშ-ის კონგრესის ორპარტიულ დელეგაციას შეხვდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციაშია აღნიშნული.
ზელენსკიმ კონგრესის წევრებთან ფრონტზე არსებულ ვითარებაზე და „გამარჯვების გეგმის“ ელემენტებზე ისაუბრა. შეხვედრას ესწრებოდნენ სენატის წევრები ბენ კარდინი, დენ სალივანი, კრისტოფერ მერფი და წარმომადგენელთა პალატის წევრი გრეგორი მიკსი.
„ჩვენ მადლობელი ვართ ორივე პარტიის, კონგრესის ორივე პალატის და პრეზიდენტ ბაიდენის მხარდაჭერისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ აქ ვართ, რომ მადლობა გადავუხადოთ თქვენს ხალხს“,- განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა დეტალურად ისაუბრა კურსკის ოლქში მიმდინარე ოპერაციაზე, უკრაინელი მებრძოლების საჭიროებებსა და თავდაცვითი პაკეტების დროული მიწოდების მნიშვნელობაზე. როგორც აღინიშნა, უკრაინის ლიდერი „გამარჯვების გეგმას“ მიმდინარე კვირაში წარუდგენს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, აშშ-ის კონგრესს და ორივე საპრეზიდენტო კანდიდატს.
„ეს არის ძალიან კონკრეტული გეგმა, თუ როგორ გავაძლიეროთ უკრაინა რუსეთის რაიმე გადაწყვეტილების ან ზეწოლის გარეშე“, – დასძინა პრეზიდენტმა.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს აღდგენითი პროექტების განხორციელების პერსპექტივები. ზამთრის წინ ერთ-ერთი მთავარი მიმართულება უკრაინის ენერგეტიკული სისტემის გაძლიერებაა. გარდა ამისა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერება.