ვოლოდიმირ ზელენსკი - მსოფლიოს ყველა ლიდერის მაგიდაზე იქნება სანქციების დოკუმენტი, რომელიც არის ყველას წინააღმდეგ, ვინც ეხმარება რუსეთს, გვერდი აუაროს დაწესებულ შეზღუდვებს
რუსეთმა უნდა წააგოს, სამყაროს სხვა მიზანი არ შეიძლება, ჰქონდეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინის საერთაშორისო სანქციების ჯგუფმა წარადგინა დოკუმენტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერების შესახებ, რომელშიც იმ სფეროებზეა საუბარი, სადაც კიდევ მეტად შეიძლება აკრძალვების გაფართოება.
„სანქციების დოკუმენტი იქნება მსოფლიოს ყველა ლიდერის, როგორც პოლიტიკური, ასევე საზოგადოებრივი და ბიზნესლიდერის მაგიდაზე. სანქციები რუსეთის ნავთობისა და გაზის სექტორის, ატომური ინდუსტრიისა და აბსოლუტურად ყველას წინააღმდეგაა, ვინც ეხმარება რუსეთს, გვერდი აუაროს უკვე დაწესებულ შეზღუდვებს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ამას გარდა, ზელენსკის თქმით, გაიმართა შტაბის მორიგი სხდომაც, სადაც მიმდინარე საბრძოლო ოპერაციების შესახებ ისაუბრეს. ჩატარდა შეხვედრა უკრაინის ეკონომიკურად აღდგენის შესახებაც.
„გუნდის წევრებმა წარადგინეს დღევანდელი და ომის შემდგომი ეკონომიკური სტრატეგია. უკვე ნათელია, რომ ჩვენი გამარჯვება მოგვცემს უნარს, ვიყოთ უსაფრთხოების რეალური პროვაიდერი ყველა ჩვენი პარტნიორისთვის. უსაფრთხოების ახალი სტანდარტები, რომლებსაც ჩვენ დავნერგავთ ჩვენს ინფრასტრუქტურაში, ენერგეტიკაში, ლოგისტიკაში, სოციალურ და საგანმანათლებლო სფეროებში, შესაძლოა, გაფართოვდეს მსოფლიოს სხვა ნაწილებშიც. იგივე ეხება უკრაინის თავდაცვის სისტემებს. ჩვენი იარაღი და ხალხის გამოცდილება, რომელიც მათ მიიღეს რუსულ ტერორთან დაპირისპირებისას, ეს ყველაფერი იმუშავებს გლობალური მშვიდობისთვის, რათა არავინ გაიმეოროს რუსეთის დანაშაული. დიდება თითოეულ ჩვენს მეომარს, რომელიც ახლა ბრძოლაშია“, – განაცხადა ზელენსკიმ.