ვოლოდიმირ ზელენსკი - მსოფლიო აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების მოლოდინშია, ნუ დაველოდებით ნოემბერს, უნდა ვიმოქმედოთ საკმარისად ძლიერად, საკმარისად მტკიცედ, ეს უნდა იყოს ჩვენი სტრატეგია
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ფონდში სიტყვით გამოვიდა, სადაც ნატო-ს მოახლოებულ სამიტსა და აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების გარშემო არსებულ გლობალურ მოლოდინებზე ისაუბრა.
მისი თქმით, მსოფლიო შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნების მოლოდინშია.
„ნოემბერს ელოდებიან ევროპაშიც, ახლო აღმოსავლეთში, წყნარ ოკეანეში, მთელი მსოფლიო შემოდგომის, ნოემბრის მოლოდინშია და სიმართლე რომ ვთქვათ, პუტინიც ნოემბერს ელოდება, მაგრამ კლავს და ანადგურებს, რომ ყველაფრისთვის იყოს მზად.
ამავე დროს, ხალხი ვერც კი ამჩნევს, რომ ნატო ერთდროულად ორი ახალი ქვეყნით გაფართოვდა და ეს ისტორიული მოვლენაა, თუმცა სხვა ამბების ჩრდილშია. დროა, გამოვიდეთ ჩრდილიდან ძლიერი გადაწყვეტილებების მისაღებად. იმუშავეთ იმისთვის, რომ იმოქმედოთ და არ დაელოდოთ ნოემბერს ან სხვა თვეებს.
ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერები, უკომპრომისოები და, უპირველეს ყოვლისა, ამერიკა. პირველ რიგში, ამერიკის ლიდერები და შეერთებული შტატების პრეზიდენტი, როგორც თავისუფალი სამყაროს ლიდერი, უნდა იყვნენ უკომპრომისოები დემოკრატიის დაცვაში, უკომპრომისოები პუტინისა და მისი თანამოაზრეების წინააღმდეგ, უკომპრომისოები ყველა შესაძლო ტერორის მიმართ, ზუსტად ისეთის, როგორიც არის უკრაინელების წინააღმდეგ 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, უკრაინის სამხრეთით რუსეთის ქმედებების მნიშვნელოვანი შეზღუდვაა შესაძლებელი, ამ ტერიტორიებიდან ოკუპანტის გაძევება, თუ აშშ-ის ხელმძღვანელობა კიევს დარტყმის საჭირო შესაძლებლობებით დაეხმარება.
„ასეთი ნაბიჯები გაგვაძლიერებს, ისევე როგორც აშშ-სა და პარტნიორების დღევანდელი განსაკუთრებული გადაწყვეტილება, უკრაინას მიაწოდონ დამატებითი ხუთი საჰაერო თავდაცვის სისტემა და ათობით სხვა. უკრაინელი ხალხი ამისთვის მადლიერია. აშშ-თან ერთად მსოფლიოს კარგი საქმეების გაკეთება შეუძლია. ჩვენ, ყველამ უნდა ვიმოქმედოთ საკმარისად ძლიერად, საკმარისად მტკიცედ, ეს უნდა იყოს ჩვენი სტრატეგია. ნუ დაელოდებით რომელიმე თვეს, შეერთებული შტატები შეიძლება იყოს შესანიშნავი ყოველდღე. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.