ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის „მშვიდობის ფორმულა“ არის ერთადერთი გზა გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად, ნებისმიერი პარალელური ან ალტერნატიული მცდელობა, პაუზის მიღწევის მცდელობაა
მშვიდობის ძიების ნებისმიერი პარალელური ან ალტერნატიული მცდელობა, სინამდვილეში ომის დასრულების ნაცვლად, პაუზის მიღწევის მცდელობაა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის მშვიდობის ფორმულა არის ერთადერთი გზა გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად.
„როდესაც ზოგი გვთავაზობს ალტერნატივებს, დარეგულირების ნახევარ-გეგმებს, ეგრეთ წოდებულ „პრინციპების კომპლექტს“ – ეს არა მხოლოდ უგულებელყოფს უკრაინელების ინტერესებს და ტანჯვას, რომლებიც ყველაზე მეტად არიან დაზარალებული ომისგან, ეს არა მხოლოდ უგულებელყოფს რეალობას, არამედ აძლევს პუტინს პოლიტიკურ სივრცეს, რათა გააგრძელოს ომი და ზეწოლა მსოფლიოზე, მეტი ერი მოაქციოს კონტროლქვეშ. მშვიდობის ძიების ნებისმიერი პარალელური ან ალტერნატიული მცდელობა, სინამდვილეში ომის დასრულების ნაცვლად, პაუზის მიღწევის მცდელობაა, ვინაიდან გლობალური ინიციატივა – „მშვიდობის ფორმულა“ უკვე ორი წელია, არსებობს და შესაძლოა, ვინმეს სურს ნობელის პრემია თავისი პოლიტიკური ბიოგრაფიისთვის, ნამდვილი მშვიდობის ნაცვლად გაყინული ზავისთვის, თუმცა ერთდაერთი ჯილდო, რომელსაც პუტინი საპასუხოდ მოგცემთ, მეტი ტანჯვა და კატასტროფაა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ დასვა კითხვა, რა ინტერესი ამოძრავებთ იმ ქვეყნებს, რომლებიც უკრაინას გრძელვადიანი, სამართლიანი მშვიდობის ალტერნატივას სთავაზობენ.
„როდესაც ჩინეთ-ბრაზილიური დუეტი ცდილობს გადაიზარდოს ხმათა გუნდში ვინმესთან ერთად ევროპაში, აფრიკაში და გვთავაზობს რაღაც ალტერნატივას სრული და სამართლიანი მშვიდობის სანაცვლოდ, ჩნდება კითხვა – რა არის ნამდვილი ინტერესი? ყველას უნდა ესმოდეს – თქვენ ვერ გააძლიერებთ თქვენს ძალაუფლებას უკრაინის ხარჯზე. მსოფლიომ უკვე გამოიარა კოლონიალური ომები და დიდი სახელმწიფოების შეთქმულებები მცირე ქვეყნების ხარჯზე. ყველა ქვეყანას, მათ შორის ჩინეთს, ბრაზილიას, ევროპულ ქვეყნებს, აფრიკულ ქვეყნებს, ახლო აღმოსავლეთ, ყველას ესმის, რატომ უნდა დარჩეს ეს წარსულში. უკრაინელები არასდროს მიიღებენ, თუ რატომ ფიქრობს ვინმე მსოფლიოში, რომ ასეთი სასტიკი, კოლონიალური წარსული შეიძლება დაუწესდეს უკრაინას, ნორმალური, მშვიდობიანი ცხოვრების ნაცვლად“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბირთვულ საფრთხეებზე ისაუბრა. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ბირთვული უსაფრთხოება უკრაინის მშვიდობის ფორმულის პირველი პუნქტია. მისივე თქმით, დაზვერვის საგანგაშო ინფორმაცია აჩვენებს, რომ რუსეთი უკრაინულ ატომურ ელექტროსადგურებზე დარტყმებს გეგმავს, რათა ისინი ენერგოქსელიდან გათიშოს.
„სხვა ქვეყნების სატელიტების დახმარებით, რუსეთი იღებს გამოსახულებებს და დეტალურ ინფორმაციას ჩვენი ატომური ელექტროსადგურების ინფრასტრუქტურის შესახებ. რა საფრთხეს ატარებს ეს? ნებისმიერმა დარტყმამ რაკეტებით ან დრონებით, ნებისმიერმა სეროზულმა ინციდენტმა ენერგოსისტემაში შესაძლოა, ბირთვული კატასტროფა გამოიწვიოს. ასეთი დღე არასდროს უნდა დადგეს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, რუსეთს უნდა ესმოდეს თავისი ქმედებების შედეგები და ამისთვის საჭიროა საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლა. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ომის შედეგების შეკავება რუკაზე საზღვრების ხაზებით შეუძლებელია.
„ქალაქებში, სადაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, ხანძრების კვამლმა შეიძლება, სხვა ქვეყნებამდე მიაღწიოს. ღმერთმა არ ქნას, რუსეთი თუ გამოიწვევს ბირთვულ ავარიას ერთ-ერთ ჩვენს ატომურ ელექტროსადგურზე, რადიაცია სახელმწიფო საზღვრებს არ გაითვალისწინებს“, -აღნიშნა ზელენსკიმ.
გაერო-ს გენერალური ასამბლეის წევრებისადმი მიმართვისას უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის მხრიდან ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშებზეც ისაუბრა. მისი თქმით, პუტინს სურს უკრაინელები ამ ზამთარს სიბნელესა და სიცივეში დატოვოს, რათა უკრაინას ტანჯვა და დანებება აიძულოს.
„ვინაიდან რუსეთმა ვერ დაამარცხა ჩვენი ხალხის სიმტკიცე ბრძოლის ველზე, პუტინი ეძებს უკრაინული სულის გატეხვის სხვა გზებს. მისი ერთ-ერთი მეთოდია ჩვენი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის სამიზნეში ამოღება და რუსეთის მიზანმიმართული დარტყმები ჩვენს ელექტროსადგურებსა და მთელ ენერგეტიკულ ქსელზე. დღეის მონაცემებით, რუსეთმა გაანადგურა ყველა ჩვენი თბოელექტროსადგური და ჰიდროელექტროენერგიის სიმძლავრეების დიდი ნაწილი. ასე ემზადება პუტინი ზამთრისთვის იმ იმედით, რომ დატანჯავს მილიონობით უკრაინელს, რიგით ოჯახებს, ქალებს, ბავშვებს, ქალაქებს, სოფლებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
სიტყვის დასასრულს ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო-ს გენერალური ასამბლეის წევრებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ უკრაინას სამართლიანი მშვიდობის მიღწევაში.
„მე მინდა ნამდვილი, სამართლიანი მშვიდობა ჩემი ხალხისთვის და ყველა თქვენგანს მხარდაჭერას გთხოვთ. ჩვენ არ ვყოფთ მსოფლიოს. მე იმავეს გთხოვთ თქვენ – არ დაყოთ მსოფლიო. იყავით გაერთიანებული ერები და ეს მოგვიტანს მშვიდობას“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.