ვოლოდიმირ ზელენსკი - მხარს ვუჭერთ მოლდოვის მისწრაფებას, გახდეს ევროკავშირის წევრი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მხარს უჭერს მოლდოვის მისწრაფებას, გახდეს ევროკავშირის წევრი, – ამის შესახებ ზელენსკიმ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა მხარს დაუჭერს და დაეხმარება მოლდოვას „ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე“.
„მჯერა, რომ მოლდოვა უკრაინის გვერდით ივლის. უკრაინა კი ყველაფერს გააკეთებს მოლდოვის დასახმარებლად. ეს სიმართლეა. ბევრი რამ გავიარეთ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე – დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად გავუზიარებთ ჩვენს მიღწევებს პარტნიორებს“,- განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მოლდოვაში აზრთა სხვადასხვაობაა ევროპულ მომავალთან დაკავშირებით, თუმცა, მისი თქმით, მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ სწორი ნაბიჯები გადადგა.
„როდესაც რუსეთი ისვრის რაკეტებს, ეს რაკეტები შეიძლება, მოხვდეს ჩვენს მეზობელ ქვეყნებსაც, მოლდოვას, ბელარუსს, პოლონეთს და, მოდით, ვიყოთ გულწრფელები – ეს ხდება და, სამწუხაროდ, საკმაოდ ხშირად. ასეთი შემთხვევები კიდევ იქნება და ღმერთმა ნუ ქნას, რომ ამას მსხვერპლი მოჰყვეს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.