ვოლოდიმირ ზელენსკი - მივმართავ აშშ-ისა და ჩინეთის ლიდერებს, გამოავლინეთ ლიდერობა ნამდვილი მშვიდობის მოახლოებაში, მხარი დაუჭირეთ მშვიდობის სამიტს თქვენი პერსონალური მონაწილეობით
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაბომბილი ხარკოვიდან მსოფლიო ლიდერებისადმი ვიდეომიმართვა ჩაწერა. მიმართვაში ზელენსკი აშშ-ისა და ჩინეთის ლიდერებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ შვეიცარიაში დაგეგმილ მშვიდობის სამიტს პერსონალური მონაწილეობით.
ზელენსკიმ ვიდეომიმართვა ჩაწერა რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად განადგურებული გამომცემლობის ტერიტორიიდან, სადაც დამწვარი წიგნები ჩანს.
„საჭიროა გლობალური ძალისხმევა – მშვიდობის სამიტი იმ ლიდერების მონაწილეობით, რომელთა მოტყუებასაც რუსეთი ვერ შეძლებს. სამიტი, რომელიც აჩვენებს, მსოფლიოში ვის სურს ნამდვილად ომის დასრულება და არა უბრალოდ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადების გაკეთება, რომელიც აუცილებლად დაირღვევა რუსული რაკეტებით და არტილერიით, როგორც ეს აქამდე უამრავჯერ მომხდარა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინა შვეიცარიასთან ერთად ამზადებს ასეთ სამიტს, რომელიც 15 ივნისს დაიწყება. მასში მონაწილეობა 80-ზე მეტმა ქვეყანამ დაადასტურა.
„ჩვენ ვაგრძელებთ ლიდერებთან მუშაობას სამიტზე მათი მოწვევით. მადლობა ყველას, ვინც ნამდვილად გვეხმარება მშვიდობის დაახლოებაში. მივმართავ მსოფლიოს ლიდერებს, რომლებიც მშვიდობის სამიტის მომზადების გლობალური ძალისხმევისგან ჯერ განზე დგანან, პრეზიდენტ ბაიდენს, აშშ-ის ლიდერს, პრეზიდენტ სის, ჩინეთის ლიდერს. ჩვენ არ გვსურს, რომ გაერო-ს წესდება დაიწვას ისევე, როგორც ეს წიგნები. ვიმედოვნებთ, რომ ეს არც თქვენ გსურთ. გთხოვთ, გამოავლინეთ თქვენი ლიდერობა ნამდვილი მშვიდობის მოახლოებაში და არა დარტყმებს შორის პაუზის. მსოფლიოს უმრავლესობის ძალისხმევა არის ვალდებულების შესრულების საუკეთესო გარანტია. გთხოვთ, მხარი დაუჭირეთ მშვიდობის სამიტს თქვენი პერსონალური ლიდერობითა და მონაწილეობით“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ამავე მიმართვაში, ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ რუსეთი ხარკოვიდან 90 კილომეტრში, საზღვართან ახალ სამხედრო შენაერთებს აგროვებს.
„სწორედ რუსეთი არის აგრესიის ერთადერთი წყარო და მუდმივად ცდილობს ომის გაფართოებას. სულ ახლახან, ამ დღეებში ჩვენ თავს ვიცავთ ამ ადგილიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 60 კილომეტრში რუსეთის შეტევის მორიგი მცდელობისგან. რუსეთი ემზადება შეტევითი მოქმედებების მცდელობისთვის და აქედან 90 კილომეტრში ჩრდილო-დასავლეთით, ჩვენს საზღვართან გროვდება ჯარების კიდევ ერთი დაჯგუფება. ვინც ამ ყველაფერს აკეთებს, მას მშვიდობა არ სურს. სურს თუ არა რუსეთს დიალოგი? უკრაინას აქვს მოლაპარაკებებში რუსეთის მხრიდან ტყუილების ყველაზე დიდი გამოცდილება მსოფლიოში“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.