ვოლოდიმირ ზელენსკი - მივესალმები ისრაელის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც ავალდებულებს მთავრობას, გააუქმოს ნებისმიერი დამატებითი შეზღუდვა ქვეყანაში უკრაინის მოქალაქეების შესვლაზე
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიესალმება ისრაელის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ქვეყანაში შესასვლელად უკრაინელი ლტოლვილებისთვის დამატებითი შეზღუდვების მოხსნის შესახებ.
აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა „ტვიტერში“ დაწერა.
„მივესალმები ისრაელის სახელმწიფოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც ავალდებულებს ისრაელის მთავრობას, გააუქმოს ნებისმიერი დამატებითი შეზღუდვა ქვეყანაში უკრაინის მოქალაქეების შესვლაზე. კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების პატივისცემა არის ზუსტად ის, რაც განასხვავებს ნამდვილ, განვითარებულ დემოკრატიას!“, – წერს ზელენსკი.
ისრაელის მედიის ცნობით, უზენაესმა სასამართლომ ქვეყანაში უკრაინელი ლტოლვილების შესვლისთვის დაწესებული კვოტა დღეს გააუქმა. გაუქმებულად გამოცხადდა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება, რომლის თანახმად, ქვეყანაში შესასვლელად უკრაინის მოქალაქეებს თანხმობა ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროსგან უნდა მიეღოთ. არსებული რეგულაციების თანახმად, უკრაინელებს უვიზოდ სამი თვის განმავლობაში აქვთ ისრაელში დარჩენის უფლება. მინისტრის თქმით, აღნიშნული რეგულაციის საჭიროება გამომდინარეობდა იქედან, რომ უკრაინელი ლტოლვილები ქვეყანაში სამ თვეზე მეტ ხანს დარჩებოდნენ. აღნიშნული რეგულაციის საწინააღმდეგოდ უზენაეს სასამართლოში სარჩელი ადვოკატმა ტომერ ვარშიმ შეიტანა ისრაელში უკრაინის საელჩოს თხოვნით. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ქვეყანაში შემოსული უკრაინის მოქალაქეები გადააჭარბებენ მათი ვიზიტის სამთვიან ვადას და მაგალითად მოიყვანა ის ფაქტი, რომ რუსეთი აგრესიის დაწყების შემდეგ ქვეყანაში შემოსულმა 4 409 უკრაინელმა ქვეყანა 8 მაისს დატოვა.