ვოლოდიმირ ზელენსკი - მიმდინარე წელს გაძლება ნიშნავს მთელი ამ ომის გაძლებას, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს
მიმდინარე წელს გაძლება ნიშნავს მთელი ამ სრულმასშტაბიანი ომის გაძლებას, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, მუდმივ კავშირშია სამხედროებთან და უკრაინელ სამხედრო მეთაურებთან.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ მუშაობა გრძელდება ყველა პარტნიორთან, რათა უკრაინამ ამ თვეში საკმარისი მოცულობის თავდაცვის პაკეტები მიიღოს.
„წელს ყოველდღე, ყოველ ღამეს არის ახალი სასტიკი საბრძოლო შეტაკებები. ყველაზე ინტენსიური ბრძოლებია ავდეევკაში, მარინკას მიმართულებით, ბახმუტში, ლიმანში, კუპიანსკში. ჩვენი სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტი უცვლელია, უზრუნველყოს ყველაფერი, რაც აუცილებელია უკრაინის დასაცავად და ჩვენი აქტიური მოქმედებისთვის – საბრძოლო მასალა, უპილოტო თვითმფრინავები, ტექნიკა. გადარჩენა წელს ნიშნავს გადარჩენას მთელ ამ ომში. მნიშვნელოვანი დროა, გადამწყვეტი მრავალი თვალსაზრისით. მადლობა ყველას, ვინც ამას აცნობიერებს, ვინც ეხმარება სახელმწიფოს გაძლიერდეს და ჩვენს ჯარისკაცებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, გაანადგურონ მტერი. ახლა ჩვენ უკვე გვაქვს კიდევ ერთი თავდაცვითი ნაბიჯი გერმანიის მხრიდან უკრაინის მიმართ. ეს არის საჰაერო თავდაცვის რაკეტები, 155 კალიბრის არტილერია და სხვა საჭირო ტექნიკა. გმადლობთ, ძალიან დროული პაკეტია. ჩვენ ველოდებით ამგვარ ნაბიჯებს ჩვენი სხვა პარტნიორებისგან, კერძოდ, შეერთებული შტატებისგან. ისე, რომ ამ ზამთარს, ისევე როგორც შარშან, რუსულმა ტერორმა ვერ გაიმარჯვოს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.