ვოლოდიმირ ზელენსკი - მარიუპოლში ძალიან მძიმე ვითარებაა, ბლოკირებული არიან ჩვენი ჯარისკაცები, რუსები ჩვენს ხალხს დანებებისკენ მოუწოდებენ
ვოლოდიმირ ზელენსკი - მარიუპოლში ძალიან მძიმე ვითარებაა, ბლოკირებული არიან ჩვენი ჯარისკაცები, რუსები ჩვენს ხალხს დანებებისკენ მოუწოდებენ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები მარიუპოლში უკრაინული ძალების დასახმარებლად, მაგრამ რუსები მათგან დანებებას ითხოვენ. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინულ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

„მარიუპოლში ძალიან მძიმე ვითარებაა. ბლოკირებული არიან ჩვენი ჯარისკაცები, ბლოკირებული არიან დაჭრილები. ჰუმანიტარული კრიზისია, არც საკვები, არც წყალი, არც მედიკამენტები, მაგრამ ბიჭები თავს იცავენ. მხოლოდ მადლიერება საკმარისი არაა, რადგან მოლაპარაკების პროცესი გრძელდება. მართალი გითხრათ, მარიუპოლის საკითხზე მომლაპარაკებლების მიმართ ნდობა არ არსებობს. ჩვენ შევთანხმდით, რომ ჰუმანიტარული დერეფნები იქნებოდა. გვინდოდა დაჭრილების, ჩვენი ქალებისა და ბავშვების გაყვანა, მაგრამ რუსეთმა უარი თქვა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, უკრაინის ხელისუფლება კონტაქტზეა იმ უკრაინელ მებრძოლებთან, რომლებიც ბლოკირებულ ქარხანაში იმყოფებიან, საუბრები სხვადასხვა დონეზე მიმდინარეობს.

„მათ იციან, რომ დღემდე ყველაზე მძლავრ მისიას ასრულებენ. ამიტომ, მტერი მათ ისე უფრთხის, რომ მტრის რაოდენობა ექვსჯერ აღემატება. მარიუპოლის ბლოკირების რამდენიმე წრე არსებობს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმითაზოველები“ უკვე გმირები არიან და მათ „გარკვეული ნაბიჯების გადადგმას არავინ აუკრძალავს“.

„რა გადაარჩენს მარიუპოლს? ეს არის მძლავრი იარაღი, რომელიც რაც შეიძლება მალე უნდა იყოს უზრუნველყოფილი. მეორე კი, არის მოლაპარაკების საკითხი. დაჭრილების გასაყვანად ცეცხლის შეწყვეტა ძალზედ აუცილებელია, მაგრამ ეს რუსეთის სურვილზეა დამოკიდებული. ისინი ჩვენს ხალხს დანებებისკენ მოუწოდებენ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.