ვოლოდიმირ ზელენსკი - მადლობას ვუხდი გაერთიანებულ სამეფოს, რომელიც მზად არის, იყოს ჩვენი უსაფრთხოების გარანტორი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარლამენტში გამოსვლისას უკრაინა-ბრიტანეთის პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება.
ზელენსკის თქმით, მადლობას უხდის გაერთიანებულ სამეფოს, რომელიც მზად არის, იყოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი.
„2020 წლის 8 ოქტომბერს ჩვენი ქვეყნები სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ და 2022 წლის 24 თებერვალს მათ დაამტკიცეს, რომ ჩვენი პარტნიორობა ქაღალდზე არ არის. ჩვენი პარტნიორობა ბრძოლის ველზეა. ბრძოლები საერთო იდეალებისთვის, ბრძოლები საერთო მომავლისთვის. თითქმის ათი კვირაა, რაც რუსეთის ფედერაცია ჩვენს ულამაზეს უკრაინულ მიწაზე შემოიჭრა და ჩვენ გამოგვიცხადა ომი. ამ დროის განმავლობაში უკრაინა და ბრიტანეთი პარტნიორებიდან მეგობრებად და ძმებად გადაიქცნენ. თითქმის ათმა კვირამ დაამტკიცა: არ არის საშინელება, როცა შენს წინააღმდეგ ასეთი ბოროტი მტერია, თუ გვერდით არის ასეთი კარგი მეგობარი, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი და ლიდერი ბორის ჯონსონი. მინდა, მადლობა გადავუხადო გაერთიანებულ სამეფოს, რომელიც მზად არის, იყოს ჩვენი უსაფრთხოების გარანტორი. და ეს ჩემი მადლიერება არ არის ფორმალობა, რადგან ვიცი, რომ დიდი ბრიტანეთის გარანტიები უკრაინისთვის არასოდეს იქნება ფორმალობა. ამ თითქმის ათმა კვირამ დაამტკიცა, რომ შენი სიტყვა მტკიცეა და შენი ქმედებები გადამწყვეტი. ყოველგვარი „თითქმის“ გარეშე. მეზიზღება სიტყვა – „თითქმის“. ასევე, მნიშვნელოვანია მელინდა სიმონსის დაბრუნება და პრემიერ-მინისტრ ჯონსონის ბოლო ვიზიტი ძალიან რთულ დროს და ძალიან საჭირო მომენტში. ჩვენმა გასეირნებამ კიევის ქუჩებში აჩვენა მსოფლიოს, რომ ის გრძნობს უკრაინის გულს. და ეს ტკივილია, მაგრამ ადამიანები, რომლებიც იქ შევხვდით, მათი სიტყვები, თვალები, ღიმილი და საჩუქრები – უკვე ცნობილი მამლები, იგივე ბოროდიანკაში – ამ ყველაფერმა აჩვენა მსოფლიოს, რას გრძნობს ჩვენი უკრაინული სული – შეუპოვრობა, ურღვევობა, გამარჯვების იმედი. დღეს მე, ჩვენს პარლამენტს და მთელ უკრაინელ ხალხს შეგვიძლია, ვთქვათ ერთი რამ: მადლობა ბრიტანეთს! მადლობა, მეგობრებო!“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.