ვოლოდიმირ ზელენსკი - ლავროვმა ურცხვად განაცხადა, თითქოს ყველაზე დიდი ანტისემიტები ებრაელებს შორის არიან, შეკითხვაა, დარჩება თუ არა ისრაელის ელჩი მოსკოვში, რადგან ეს ყველაფერი შემთხვევითი არ არის
ვოლოდიმირ ზელენსკი - ლავროვმა ურცხვად განაცხადა, თითქოს ყველაზე დიდი ანტისემიტები ებრაელებს შორის არიან, შეკითხვაა, დარჩება თუ არა ისრაელის ელჩი მოსკოვში, რადგან ეს ყველაფერი შემთხვევითი არ არის

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ინტერესდება, დარჩება თუ არა ისრაელის ელჩი მოსკოვში და შეინარჩუნებს თუ არა ისრაელი მოსკოვთან ჩვეულ ურთიერთობებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადების შემდეგ.

ამის შესახებ ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„სრულდება ჩვენი მტკიცედ თავდაცვის 68-ე დღე. რუსეთის თვითგანადგურების 68-ე დღე. თუ ოდესღაც ამ სახელმწიფოს ჰქონდა ის, რასაც რეპუტაცია ეწოდება, ახლა რუსეთი ყოველდღიურად აკეთებს ისეთ რამეს, რაც გამორიცხავს ყოველგვარ ადეკვატურობას. გუშინ, მაგალითად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ღიად და ურცხვად განაცხადა, რომ ყველაზე დიდი ანტისემიტები, თითქოს ებრაელებს შორის არიან. თითქოსდა ჰიტლერს ებრაული სისხლი ჰქონდა. როგორ შეიძლებოდა საერთოდ ასეთი რამის თქმა ნაციზმზე გამარჯვების წლისთავის წინ? ეს სიტყვები ნიშნავს, რომ რუსეთის უმაღლეს დიპლომატს ნაცისტებს დანაშაული ებრაელ ხალხზე გადააქვს. სიტყვები არ მაქვს. რა თქმა უნდა, ამ სიტყვების გამო დღეს დიდი სკანდალი იყო ისრაელში. თუმცა არავის ესმის მოსკოვიდან ამის საწინააღმდეგო განცხადებები ან თავის მართლება. იქ დუმან, ეს კი ნიშნავს, რომ ეთანხმებიან იმას, რაც მათმა საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა.

კიევში ბაბი იარზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შემდეგ, ხარკოვთან, დრობიცკის იარში მასობრივი დახვრეტის ადგილას მენორას დაზიანების შემდეგ, რუსების მიერ ნაცისტური ოკუპაციასა და ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში გადარჩენილი რიგითი მოსახლეობისთვის ცეცხლის გახსნის შემდეგ, მათი მინისტრის ასეთი გამოხტომა ნიშნავს, რომ რუსეთში დაავიწყდათ მეორე მსოფლიო ომის ყველა გაკვეთილი. იქნებ არც არასდროს უსწავლიათ ეს გაკვეთილები. ამიტომ შეკითხვა – დარჩება თუ არა ისრაელის ელჩი მოსკოვში, როდესაც იცის მათი ასეთი ახალი პოზიცია? დარჩება თუ არა ურთიერთობები რუსეთთან როგორც ჩვეულებრივ? რადგან ეს ყველაფერი შემთხვევითი არ არის. შემთხვევითი არ არის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, „ჰიტლერიზმის დიდი მცოდნის“ სიტყვები. შემთხვევით არ ქმნიან რუსი დამპყრობლები უკრაინულ მიწაზე ე.წ. „ფილტრაციულ ბანაკებს“, რომლებიდანაც გაჰყავთ ჩვენი ათასობით მოქალაქე. სადაც კლავენ, აწამებენ, აუპატიურებენ ჩვენს ხალხს. ამის გასაკეთებლად საბოლოოდ უნდა გადააგდო მორალი და ნაციზმზე გამარჯვების მიღწევები“, – განაცხადა ზელენსკიმ.

იტალიურ მედიასთან საუბრისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უკრაინის პრეზიდენტის ებრაულ წარმომავლობასთან დაკავშირებით თქვა, რომ ეს არაფერს ნიშნავს, რადგან ადოლფ ჰიტლერსაც ჰქონდა ებრაული სისხლი.

„ბრძენი ებრაელი ხალხი ამბობს, რომ ყველაზე მგზნებარე ანტისემიტები, როგორც წესი, ებრაელები არიან. ყველა ოჯახშია ცუდი, როგორც ჩვენთან ამბობენ“, – განაცხადა ლავროვმა.

აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს.