ვოლოდიმირ ზელენსკი - კიევში ცალკე საუბარი გვექნება იმ პროფილურ მაღალჩინოსნებთან, რომლებიც ფრონტის ხაზთან ახლოს ნახევარი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში არ არიან ნამყოფი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქში ჩავიდა, სადაც განაცხადა, რომ კიევში „ცალკე საუბარი“ შედგება იმ მაღალჩინოსნებთან, რომლებიც ფრონტთან ახლოს უნდა იყვნენ.
ამის შესახებ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
პრეზიდენტი გაკვირვებულია, რომ ზოგიერთი პროფილური ჩინოსანი ფრონტის მიმდებარედ თვეების განმავლობაში არ არის ნამყოფი. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მათთან დაკავშირებით შესაბამის დასკვნებს გააკეთებს.
„დონეცკის ოლქი. ჩვენს მეომრებთან, მთავარსარდალ სირკისთან და გაერთიანებული ძალების ახალ მეთაურთან, გნატოვთან ერთად. წარვუდგინე დღეს ოფიციალურად ანდრეი გნატოვი ყველას, ვინც პასუხისმგებელია დონეცკის ოლქის თავდაცვაზე. მოვისმინეთ ანგარიშები უშუალოდ პოზიციებიდან, მოხარული ვარ, პირადად ვნახო და მადლობა გადავუხადო ჩვენს 110-ე ბრიგადას და 47-ე ბრიგადას, აბსოლუტურად გმირი, შედეგიანი ბიჭები არიან. მადლობა გადავუხადე ჩვენს სამხედრო მედიკოსებსაც. ჩავატარე აქ, დონეცკის ოლქში, თათბირი უსაფრთხოების და ხალხის მხარდაჭერის საკითხზე, დეტალური თათბირი. ბევრი საკითხი განვიხილეთ, მათ შორის, სიცოცხლის უზრუნველყოფაზე – წყალი, სოციალური საკითხები, ევაკუაცია, თავდაცვის კუთხით დახმარება, საცხოვრებლის აღდგენა. ცალკე საუბარი იქნება კიევში, მათ შორის, იმ მაღალჩინოსნებთან, რომლებიც უნდა იყვნენ აქ და სხვა ადგილებშიც, ფრონტის მახლობლად, რთულ დასახლებებში, სადაც ადამიანებს დაუყოვნებლივი გადაწყვეტილებები სჭირდებათ. გადაწყვეტილებები, რომლებიც კიევიდან უბრალოდ არ ჩანს. გაკვირვებული ვიყავი, რომ ზოგიერთი პროფილური ჩინოსანი აქ არ ყოფილა ნახევარი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში. მათთან დაკავშირებით შესაბამის დასკვნებს გავაკეთებ“, – განაცხადა ზელენსკიმ.