უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხერსონის ოლქში ჩავიდა, სადაც ადგილობრივებს შეხვდა და მათ დაჰპირდა ყველაფრის აღდგენას, რაც რუსმა ოკუპანტებმა გაანადგურეს. შესაბამის ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.
კერძოდ, ზელენსკი იმყოფებოდა სოფელ პოსად-პოკროვსკოეში, სადაც რუსეთის აგრესიის შედეგად ბევრი სახლი და სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტი დაზიანდა.
„ყველაფერს აღვადგენთ, ყველაფერს ავაშენებთ. ისევე, როგორც ოკუპანტებისგან დაზარალებულ თითოეულ ქალაქსა და სოფელს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ამჟამად სოფელ პოსად-პოკროვსკოეში მიმდინარეობს ელექტროქსელებისა და წყლის მომარაგების აღდგენა, შენდება სამედიცინო ამბულატორია, დასახლებაში მოსახლეობა ბრუნდება. ზელენსკის თქმით, ხელისუფლება ეცდება, ძირითადი სამუშაოები ზამთრის დადგომამდე შესრულდეს.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე გადასცა სახელმწიფო ჯილდოები უკრაინელ სამხედროებს, რომლებიც ხერსონის ოლქის თავდაცვაში მონაწილეობენ.
შეგახსენებთ, გუშინ ზელენსკი იმყოფებოდა დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტთან, ასევე ხარკოვში.