ვოლოდიმირ ზელენსკი - დასავლური იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების შესახებ ჯო ბაიდენის თანხმობის დაგვიანებამ შესაძლებლობა მისცა კრემლის ძალებს, დაეცინათ უკრაინისთვის
რუსული ჯარები დასცინიან და „ნადირობენ“ უკრაინელებზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „გარდიანთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თანხმობის დაგვიანებამ, რომ უკრაინას ჰქონოდა შესაძლებლობა, დასავლური იარაღი რუსეთში სამიზნეების წინააღმდეგ გამოეყენებინა, შესაძლებლობა მისცა კრემლის ძალებს, დაეცინათ უკრაინისთვის და უკრაინელებზე „ენადირათ“.
როგორც „გარდიანი“ წერს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა აშშ-ის პრეზიდენტს, დაეძლია თავისი მრავალწლიანი წუხილი მოსკოვთან შესაძლო ბირთვული „ესკალაციის“ შესახებ.
მისივე თქმით, აშშ-ს მეტად უნდა ჰქონდეს უკრაინელების რწმენა, მეტად უნდა სჯეროდეს მათი.
„დაგვიჯერეთ, ჩვენ უნდა ვუპასუხოთ. ძალის გარდა, არაფერი ესმით. ჩვენ არ ვართ პირველი და არც უკანასკნელი სამიზნე. ვფიქრობ, აბსოლუტურად ალოგიკურია, გქონდეს დასავლური იარაღი და ვხედავდეთ მკვლელებს, ტერორისტებს, რომლებიც გვკლავენ. ვფიქრობ, ზოგჯერ ისინი უბრალოდ იცინიან ამ ვითარებაზე. ეს ჰგავს უკრაინელებზე სანადიროდ წასვლას, ხალხზე ნადირობას. მათ ესმით, რომ ვხედავთ, მაგრამ არ შეგვიძლია, მივწვდეთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, შეიარაღებული ძალებისთვის იარაღის დამზადებისა და მიწოდების თვალსაზრისით, რუსეთი „უფრო სწრაფად მოძრაობს“, ვიდრე დასავლეთი.
„თქვენ არ იცით, რა არის ომი, ვიდრე ის არ მოვა თქვენს სახლში, ქუჩაში, თქვენს მეგობართან, ვისთან ერთადაც სწავლობდით ან ვინმესთან, ვინც გიყვართ. ვიდრე ეს არ მოხდება, ომი სადღაც შორს არის“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები არარეალურია. მისივე თქმით, სამშვიდობო შეთანხმება იქნება „ხაფანგი“, რადგან პუტინი დაარღვევს ნებისმიერ შეთანხმებას.
ზელენსკის თქმით, რუსეთი გამოიყენებს ბრძოლაში ნებისმიერ პაუზას, რათა „გაძლიერდეს ბრძოლის ველზე“ და ადრე თუ გვიან, კვლავ დაარტყამს.
„ეს არის ნამდვილი მესამე მსოფლიო ომი. მე არ ვფიქრობ, რომ პუტინი გიჟია, ის საშიშია, ბევრად უფრო საშინელია. ხომ ხედავთ, რომ ის არ გაჩერდება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, ზელენსკის თქმით, „პრეზიდენტი როცა გახდა, პირობა დადო, რომ ბოლომდე ხალხთან იქნება და კონსტიტუციას დაიცავს, აქედან გამომდინარე, რაიმე სისუსტის გამოვლენა უსამართლო იქნება“.