ვოლოდიმირ ზელენსკი ჰოლოდომორის წლისთავთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს - უკრაინელების განადგურება ოდესღაც შიმშილით სურდათ, ახლა — სიბნელითა და სიცივით
უკრაინელების განადგურება ოდესღაც შიმშილით სურდათ, ახლა — სიბნელითა და სიცივით, – ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვაში, რომელიც მან ჰოლოდომორის წლისთავთან დაკავშირებით გაავრცელა. 26 ნოემბერი უკრაინაში 1932-1933 წლებში მასობრივი შიმშილის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნის დღეა.
„უკრაინელებმა გამოიარეს ძალიან საშინელი რამ. ამასთან ერთად, შეინარჩუნეს დაუმორჩილებლობის უნარი და თავისუფლების სიყვარული. ჩვენი განადგურება ოდესღაც შიმშილით სურდათ, ახლა — სიბნელითა და სიცივით. ჩვენ ვერ გაგვტეხენ. ჩვენი ცეცხლი არ ჩაქრება. ჩვენ კვლავ დავამარცხებთ სიკვდილს“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.
თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა აღნიშნა, რომ უკრაინამ იცის, ვინ არის გენოციდის ავტორი. მისი თქმით, რუსები პასუხს აგებენ ჰოლოდომორის ყველა მსხვერპლისთვის და დანაშაულისთვის.
„ეს იქნება ანგარიშსწორების ისტორიული დრო“, – აღნიშნა ერმაკმა.
უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, ჰოლოდომორიდან 90 წლის შემდეგ რუსეთის რეჟიმი კვლავ ცდილობს, გენოციდით უკრაინელების ნება გატეხოს.
„უძლეველი, მამაცი უკრაინელი ხალხი გაუძლებს და კვლავ აყვავდება გამარჯვების შემდეგ. რუსეთი კი აუცილებლად აგებს პასუხს თავისი დანაშაულებისთვის. ნაბიჯ-ნაბიჯ ეს დღე ახლოვდება“, – აღნიშნა შმიგალმა.
ჰოლოდომორის წლისთავის დღეს უკრაინელები ფანჯრებში სანთლებს ანთებენ. მსოფლიოს ქვეყნების ნაწილი 1930-იან წლებში უკრაინაში მომხდარ მოვლენებს უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარებს.
1932-1933 წლებში უკრაინაში მასობრივ შიმშილს, ანუ ჰოლოდომორს, სხვადასხვა მონაცემით, რამდენიმე მილიონი ადამიანი ემსხვერპლა.