ვოლოდიმირ ზელენსკი - გუნდის პოლიტიკით, რომელიც თეთრ სახლს სათავეში ახლა ჩაუდგება, ომი სწრაფად დასრულდება, მათთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია
ვოლოდიმირ ზელენსკი - გუნდის პოლიტიკით, რომელიც თეთრ სახლს სათავეში ახლა ჩაუდგება, ომი სწრაფად დასრულდება, მათთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია

გუნდის პოლიტიკით, რომელიც თეთრ სახლს სათავეში ახლა ჩაუდგება, ომი სწრაფად დასრულდება, მათთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინულ რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან კონსტრუქციული თანამშრომლობა აქვს და, მომავალი ადმინისტრაციის პოლიტიკის გათვალისწინებით, ომი სწრაფად დასრულდება.

ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინულ მხარეს მიეცა მშვიდობასთან დაკავშირებით თავისი პოზიციის არგუმენტირებულად ჩამოყალიბების შესაძლებლობა.

„დონალდ ტრამპმა გაიგო ის საფუძველი, რაზეც ვდგავართ. ჩვენი პოზიციის წინააღმდეგ არაფერი გამიგია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა უარყო, რომ ტრამპი უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკებებს აიძულებს.

„ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ და ამ ომის დროს ჩვენმა ხალხმა, და პირადად მე, აშშ-თან, ტრამპთან, ბაიდენთან და ევროპელ ლიდერებთან მოლაპარაკებისას დავამტკიცეთ, რომ ჩვენთან „დაჯექი და ისმინე“ რიტორიკა არ მუშაობს. ბუნებრივია, ამ გუნდის პოლიტიკით, რომელიც ახლა სათავეში ჩაუდგება თეთრ სახლს, ომი სწრაფად დასრულდება. ეს მათი მიდგომაა, მათთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.