ვოლოდიმირ ზელენსკი მიესალმება გაერო-ს რეზოლუციას, რომელიც უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის ანექსიას გმობს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გაერო-ში მიღებულ რეზოლუციას მიესალმება, რომელიც უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის ანექსიას გმობს.
„მადლობელი ვარ 143-ვე სახელმწიფოსი, რომელთაც მხარი დაუჭირეს ისტორიულ რეზოლუციას. მსოფლიომ თავისი სიტყვა თქვა: ანექსიის რუსული პოლიტიკა უსარგებლოა და არასდროს იქნება აღიარებული თავისუფალი ერების მიერ. უკრაინა დაიბრუნებს თავის მიწებს“, – წერს ზელენსკი „ტვიტერში“.
გაერო-ს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიაზე, 143 ხმით ხუთის წინააღმდეგ კენჭი უყარეს რეზოლუციას, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის ანექსირებას გმობს. რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცა რუსეთმა, ბელარუსმა, ჩრდილოეთ კორეამ, სირიამ და ნიკარაგუამ. კენჭისყრისას თავი 35-მა წევრმა შეიკავა.
დოკუმენტში, რომლის თანასპონსორიც საქართველოა აღნიშნულია, რომ „დონეცკის, ხერსონის, ლუგანსკისა და ზაპოროჟიეს რეგიონები რუსეთის მიერ, აგრესიის შედეგად, დროებით ოკუპირებულია, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის დარღვევით“.