ვოლოდიმირ ზელენსკი - გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე კენჭისყრის გამანადგურებელი შედეგები აჩვენებს, რომ გლობალური ანტიპუტინური კოალიცია შექმნილია
გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე რეზოლუციის დამტკიცებას „ტვიტერში“ ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
„მივესალმები გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ უპრეცედენტო უმრავლესობით რეზოლუციის დამტკიცებას ძლიერი მოწოდებით რუსეთის ფედერაციის მიმართ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ვერაგული თავდასხმა უკრაინაზე. მადლობელი ვარ ყველასი, თითოეული სახელმწიფოსი, რომელმაც სასარგებლოდ მისცა ხმა. თქვენ აირჩიეთ ისტორიის სწორი მხარე.
კენჭისყრის გამანადგურებელი შედეგები გაერო-ში აგრესორისთვის დამაჯერებლად აჩვენებს, რომ გლობალური ანტიპუტინური კოალიცია შექმნილია და ფუნქციონირებს. მსოფლიო ჩვენთან ერთადაა. სიმართლე ჩვენს მხარესაა. გამარჯვება ჩვენი იქნება“, – წერს ზელენსკი.
გაერო-მ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრას გმობს და შეიარაღებული ძალების დაუყოვნებლივ გაყვანისკენ მოუწოდებს. რეზოლუციას 193 წევრი ქვეყნიდან 141-მა მხარი დაუჭირა, მათ შორის საქართველომ.