ვოლოდიმირ ზელენსკი - ფაქტი, რომ ჩინეთმა დაიწყო უკრაინაზე საუბარი, არ არის ცუდი, დასკვნებს გავაკეთებთ, როცა კონკრეტიკას დავინახავთ
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოზიტიურ ფაქტად აფასებს ჩინეთის ინიციატივას, წარადგინოს სამშვიდობო გეგმა უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასასრულებლად.
აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში ესპანეთის ლიდერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მე ზოგადი საკითხები ვიცი. დოკუმენტი არ მინახავს. ჯერ ზედმეტად ნაადრევია ამ დოკუმენტისთვის დიაგნოზის დასმა. ვფიქრობ, ზოგადად, თავად ფაქტი, რომ ჩინეთმა დაიწყო უკრაინაზე საუბარი და გარკვეული სიგნალის გაგზავნა, არ არის ცუდი. ეს არის პირველი ნაბიჯები და ეს ცუდი არ არის. დასკვნებს გავაკეთებთ, როდესაც კონკრეტიკას დავინახავთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა ისურვებდა ჩინეთთან შეხვედრას. მისი თქმით, უკრაინულმა მხარემ ჩინეთს ეს გზავნილი დიპლომატების დონეზე გადასცა.
არსებული ინფორმაციით, ჩინეთი გეგმავს, წარადგინოს სამშვიდობო ინიციატივა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყების წლისთავისთვის. აღსანიშნავია, რომ ჩინეთის მთავარი დიპლომატი 22 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში იმყოფებოდა.