ვოლოდიმირ ზელენსკი - ევროკომისია დათანხმდა, უკრაინულ ექსპორტზე ყველა ტარიფი და კვოტა ერთი წლით გააუქმოს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ პოლონეთისა და ბულგარეთისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტას ვიდეომიმართვით ეხმაურება და მოვლენებს რუსეთის ენერგეტიკულ შანტაჟად აფასებს.
„პოლონეთისა და ბულგარეთისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტა აჩვენებს, რომ ევროპაში არავინ უნდა იმედოვნებდეს, შეინარჩუნოს რუსეთთან ნორმალური ეკონომიკური თანამშრომლობა.
რუსეთი არამხოლოდ გაზს, არამედ ნებისმიერ ვაჭრობას იარაღად განიხილავს. ის უბრალოდ უცდის მომენტს, როდესაც შეძლებს გამოიყენოს ესა თუ ის სავაჭრო სფერო“,- აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, რუსეთი ერთიან ევროპას სამიზნედ განიხილავს და ევროპაში, რაც უფრო მალე შეთანხმდება ყველა, რომ მათ არ შეუძლიათ დამოკიდებული იყვნენ რუსეთზე ვაჭრობაში, მით მალე დადგება სტაბილურობა.
უკრაინის პრეზიდენტი ასევე მიესალმა ევროკავშირთან შეთანხმებას უკრაინისთვის ტარიფების შეჩერებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ რუსეთს სურს, შექმნას ქაოსი გლობალურ ბაზარზე, განსაკუთრებით კი საკვები პროდუქტების.
„ევროკავშირი მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ამზადებს. ევროკომისია დათანხმდა, გააუქმოს ყველა ტარიფი და კვოტა უკრაინულ ექსპორტზე ერთი წლით, ისევე როგორც შეაჩეროს დემპინგის საწინააღმდეგო ტარიფები.
ამ შეთავაზების დეტალების პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან დღეს განვიხილე. მადლიერი ვარ პირადად მისი და ყველა ჩვენი ევროპელი მეგობრის, ამ ნაბიჯისთვის. ახლა ეს შესაძლებლობას მოგვცემს, შევინარჩუნოთ ეკონომიკური აქტივობა უკრაინაში, ჩვენი ეროვნული წარმოება რამდენადაც შესაძლებელია“,- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.