ვოლოდიმირ ზელენსკი - ევროკავშირთან სრულფასოვანი ინტეგრაციის დაწყებამდე ერთი ნაბიჯი გვაშორებს, ევროპული კომისიის დადებითი დასკვნა ისტორიული მიღწევაა
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას ევროკავშირთან სრული იტნეგრაციის დაწყებამდე ერთი ნაბიჯი აშორებს. აღნიშნულის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
„ახლა ჩვენ ევროკავშირთან სრულფასოვანი ინტეგრაციის დაწყებამდე ერთი ნაბიჯი გვაშორებს. ჩვენ გვაქვს ევროპული კომისიის დადებითი დასკვნა უკრაინის კანდიდატურასთან დაკავშირებით. ეს არის ისტორიული მიღწევა ყველასთვის, ვინც ჩვენი სახელმწიფოსთვის მუშაობს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
აქვე მან დაამატა, რომ დარჩენილია ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც მომავალ კვირას იქნება.
„მჯერა, უკრაინამ ყველაფერი გააკეთა, რათა ეს ნაბიჯი პოზიტიური ყოფილიყო – ევროპული საბჭოს, ანუ ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების გადაწყვეტილება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა და დაამატა, რომ თავისი ქვეყანა ამ პოზიტივს იმსახურებს.
„უკრაინული ღირებულებები ევროპული ღირებულებებია. უკრაინის ინსტიტუტები ომის პირობებშიც კი სტაბილურად რჩება. უკრაინულმა დემოკრატიულმა ჩვევებმა ახლაც არ დაკარგეს ძალა. ევროკავშირთან ჩვენი დაახლოება მხოლოდ ჩვენთვის არ არის დადებითი. ეს არის უდიდესი წვლილი ევროპის მომავალში მრავალი წლის განმავლობაში“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, 24 თებერვლის შემდეგ უკრაინა ევროპულ ენერგეტიკულ სისტემას შეუერთდა.
„ჩვენი ქსელები – უკრაინა და ევროკავშირი, სინქრონულად მუშაობენ, სრულმასშტაბიანი ომის მიუხედავად. ანუ, ამ ერთ ფაქტშიც კი, ყველაფერი მაშინვე ჩანს: ჩვენი ხალხის პროფესიონალიზმი, ჩვენი ინსტიტუტების სიძლიერე, დაპირებების შესრულების უნარი და უკრაინის პოტენციალის სიდიდე“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, რაც უფრო ახლოს იქნება თავისი ქვეყანა ევროპის სხვა სახელმწიფოებთან, მით მეტი შესაძლებლობა ექნებათ, რომ უკრაინელებისთვის თანამედროვე ცხოვრების გარანტია იყოს უზრუნველყოფილი.
ევროკომისიის რეკომენდაციით, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ კანდიდატის სტატუსი.