ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირს რუსეთის დრონებისა და რაკეტების მწარმოებელი ინდუსტრიის წიანააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირს რუსეთის დრონებისა და რაკეტების მწარმოებელი ინდუსტრიის წიანააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის სამიტში მონაწილეობის შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან და ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ახლახან მივიღე მონაწილეობა ევროპული საბჭოს შეხვედრაში. დიახ, ეს იყო დახურული შეხვედრა, თუმცა მინდა, რომ გადმოგცეთ განწყობა, რომელიც მკაფიოდ ჩამოაყალიბა ევროკავშირის ერთ-ერთმა ლიდერმა, რომელმაც თქვა, რომ გრძელვადიანი მშვიდობა ევროპაში დამყარდება მხოლოდ მაშინ, როდესაც უკრაინა გაიმარჯვებს და ევროკავშირის წევრი გახდება. ეს არის ერთიანობა, რომლის შექმნაც შევძელით. ეს არის ერთიანობა, რომელიც გულისხმობს, რომ ევროკავშირი იქნება ჩვენ გვერდით უკრაინის გამარჯვებამდე და უკრაინა გახდება ევროკავშირის წევრი. ბრიუსელში ჩვენი დისკუსია იყო ძალიან კონკრეტული, ძალიან ზუსტი. ჩვენ ვისაუბრეთ უსაფრთხოებაზე, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენასა და სტაბილურობაზე. ვისაუბრეთ სამართლიანობის აღდგენაზე, ასევე ღირებულებებზე, რომლებიც არა მხოლოდ უკრაინულია, არამედ ევროპულიც. ამასთან, საუბარი იყო, რომ უკრაინა ახორციელებს ელექტროენერგიის ექსპორტს ევროკავშირში, ჩვენი, თქვენი სოციალური ცხოვრება, კეთილდღეობა დამოკიდებულია ამაზე, თუმცა რუსეთმა მოახდინა ჩვენ ბირთვული ელექტროსადგურების ოკუპირება და გათიშა ისინი ქსელიდან. ეს არის არა მხოლოდ თქვენი ღირებულებების, არამედ ინტერესების დარღვევა. ჩვენ შეგვიძლია, რუსეთის აგრესიის ნებისმიერ ელემენტზე ანალოგიურად ვისაუბროთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი ცდილობს უკრაინის ქალაქების, ეკონომიკის განადგურებას, თუმცა ეს აზარალებს ევროპასაც.
„დიახ, ისინი ცდილობენ ჩვენი ეკონომიკის და ქალაქების განადგურებას, თუმცა ამას აკეთებენ იმგვარად, რომ ეს აზარალებს ევროპელებსაც. ჩვენ მადლობლები ვართ საჰაერო თავდაცვის სისტემების მოწოდებისთვის, თუმცა ასევე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ყველა ჩვენგანის ინტერესია, არა მხოლოდ უკრაინელების, არამედ ევროპელების, რომ რუსეთმა აღარ დაამზადოს რაკეტები, აღარ დაესხას თავს ჩვენს ქალაქებს. ასე რომ, ჩვენ უნდა გადავდგათ მორიგი ნაბიჯი და დავაწესოთ სანქციები რუსეთის უპილოტო საფრენი აპარატების, რაკეტების წარმოების ინდუსტრიის წინააღმდეგ, ასევე აიტი სექტორის წინააღმდეგ, რომელიც უზრუნველყოფს რუსული ტერორის მხარდაჭერას. ამგვარად ჩვენ შევძლებთ ნგრევის შემცირებას და თავდასხმების აღკვეთას. ჩემთვის ძალიან შთამაგონებელია თქვენი განცხადება, რომ ევროპა ჩვენ გვერდით იქნება გამარჯვებამდე, მე ეს მოვისმინე არაერთი ევროპელი ლიდერისგან, ამისთვის მათი მადლობელი ვარ. მე მოვისმინე მზადყოფნის შესახებ, მოგვაწოდონ აუცილებელი შეიარაღება, მათ შორის ავიაცია. მე რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა მექნება და ვაპირებ, რომ დავაყენო ავიაგამანადგურებელი თვითმფრინავების საკითხის განხილვა. მინდა, მადლობა გადავუხადო ევროკავშირის მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის, იმისთვის, როგორ უჭერთ მხარს უკრაინელ ხალხს, იმისთვის, რომ თავშესაფარს აძლევთ უკრაინელ მოქალაქეებს, რომლებიც ცდილობენ, საკუთარი შვილები ბომბებისგან დაიცვან. ახლა ევროპა მილიონობით ჩვენს მოქალაქეს იფარებს. ევროპული ღირებულებები ნამდვილია, მადლობა ყველაფრისთვის, მეგობრობო“, – განაცხადა ზელენსკიმ.