ვოლოდიმირ ზელენსკი - ევროკავშირის სამიტი მარტივი არ იქნება, კმაყოფილები ვართ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების 99% მხარს უჭერს უკრაინას, ეს საკითხი არის ბლოკირებული უნგრეთის მიერ
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ევროკავშირის სამიტი მარტივი არ იქნება. ამის შესახებ ზელენსკიმ ოსლოში, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ზელენსკიმ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინამ ევროკომისიის ყველა რეკომენდაცია შეასრულა.
„ეს არ იქნება მარტივი შეხვედრა, ეს არ იქნება მარტივი სამიტი. ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების 99 პროცენტი სრულად უჭერს მხარს უკრაინას და ისინი მზად არიან, უკრაინის ევროკავშირის მომავალი წევრობის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყონ. ეს საკითხი არის ბლოკირებული უნგრეთის მიერ, ეს ფაქტია. ჩვენი მხრიდან, ჩვენ ვიყავით ძალიან კონსტრუქციულები, აბსოლუტურად ყველაფერი გავაკეთეთ, შევასრულეთ ევროკომისიის, პარტნიორების ყველა რეკომენდაცია“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, ზელენსკის თქმით, ევროკავშირის ლიდერების სამიტზე უკრაინასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება თუ არ იქნება მიღებული, ეს იქნება რუსეთის გამარჯვება და იმის დემონსტრირება, რომ რუსეთის ფედერაციას შეუძლია, დაადოს ვეტო ევროკავშირის გადაწყვეტილებებს.
„წელს რუსეთს არცერთი გამარჯვება არ ჰქონია, მათ ვერაფერი გააკეთეს. მათ ვერ შეძლეს ვერცერთი დასახლების ოკუპაცია, მაგრამ მათ დაიწყეს მუშაობა ქვეყნებთან არა მხოლოდ ევროპაში, არამედ ბევრ სხვა კონტინენტზე და ზეწოლას ახდენენ მათზე. ამიტომ თუ არ იქნება დადებითი შედეგი, თუ არ იქნება პოზიტივი, მაშინ ეს ნიშნავს, რომ პუტინმა დაადო ვეტო ამ გადაწყვეტილებებს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.