ვოლოდიმირ ზელენსკი ენერგოკრიზისის ფონზე კიევის ხელისუფლებას უხარისხო მუშაობაში ადანაშაულებს - პროფანაციას არავინ არავის აპატიებს, ისევე როგორც ტყუილს ანგარიშებში
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ხელისუფლება, ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემების ფონზე, უხარისხო მუშაობაში დაადანაშაულა. ამის შესახებ მან ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
ზელენსკის თქმით, კიევში ბევრი საჩივარია ე.წ. უძლეველობის პუნქტების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. აღნიშნულ პუნქტებში მოქალაქეებს ელექტროენერგიის გათიშვის პირობებში გათბობა, მობილური ტელეფონების დატენვა და ინტერნეტით სარგებლობა შეუძლიათ. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ის მერიისგან ხარისხიან მუშაობას ელოდება.
„მთელ ქვეყანაში გახსნილია „უძლეველობის პუნქტები“, თუმცა ვიცი, რომ, სამწუხაროდ, ადგილობრივ ხელისუფლებას ხარისხიანად ყველა ქალაქში არ უმუშავია. კერძოდ, ბევრი საჩივარია კიევში. ფაქტობრივად, ნორმალურად უზრუნველყოფილია მხოლოდ პუნქტები, რომლებიც გახსნილია საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ბაზაზე და დედაქალაქის სადგურში. სხვა პუნქტებზე კი, მსუბუქად რომ ვთქვათ, მუშაობაა კიდევ საჭირო. გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება. კიეველებს უფრო მეტი დაცვა სჭირდებათ. მრავალი კიეველი დენის გარეშე 20 ან 20-ზე მეტი საათის განმავლობაში იმყოფება. მერიისგან ხარისხიან მუშაობას ველოდები. კიევში „უძლეველობის პუნქტებთან“ დაკავშირებულ პროფანაციას არავინ არავის აპატიებს, ისევე როგორც ტყუილს სხვადასხვა დონის ანგარიშებში. გთხოვთ, საქმეს უფრო სერიოზულად მოეკიდეთ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინის პრეზიდენტის მონაცემებით, ამჟამად მთელ ქვეყანაში ოთხი ათასზე მეტი ე.წ. უძლეველობის პუნქტი მუშაობს.
„ეს არის ყოველი ადგილობრივი ხელმძღვანელის პასუხისმგებლობა, რომ მათთან რეალურად მუშაობდეს ყველაფერი, რაც უნდა იყოს ხალხისთვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, პირველ ნოემბერს კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ დედაქალაქში მოქალაქეებისთვის გასათბობად ათასამდე პუნქტი ამოქმედდებოდა.