უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ელისეის სასახლეში შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მაკრონს შეხვედრისთვის და მხარდაჭერისთვის, რომელსაც მაკრონის თქმით, საფრანგეთი უკრაინას უწევს.
„მე გავუზიარე ემანუელს ჩვენი გეგმები – „გამარჯვების გეგმა“ და სხვა, ვისაუბრე ბრძოლის ველზე არსებულ სიტუაციაზე. ზამთრის წინ ჩვენ დაგვჭირდება თქვენი მხარდაჭერა. მადლიერი ვართ ყველაფრისთვის, რასაც ჩვენთვის აკეთებთ“,- განაცხადა ზელენსკიმ.
მაკრონმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა „გამარჯვების გეგმა“ დეტალურად გააცნო.
„მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო საფრანგეთის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ეს იყო ჩვენთვის მნიშვნელოვანი ეტაპი, შესაძლებლობა გვესაუბრა მომდევნო კვირებსა და თვეებზე, სამხედრო და დიპლომატიური ხასიათის სამუშაოზე“,- განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, ზელენსკიმ უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეხვედრაზე „ცეცხლის შეწყვეტის“ საკითხი განიხილებოდა.
„რუსეთი ბევრს მუშაობს მედიის საშუალებით გავლენის მოსახდენად, დეზინფორმაციის გასავრცელებლად. ეს არ არის ჩვენი დისკუსიების თემა სხვა მოკავშირეებთან, და აქაც არ ყოფილა ამაზე საუბარი“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკი საფრანგეთში ლონდონიდან ჩავიდა, სადაც მას ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან „გამარჯვების გეგმის“ შესახებ.
გერმანული მედიის ცნობით, ხვალ უკრაინის პრეზიდენტი ბერლინში ჩავა, სადაც ის მოლაპარაკებებს გამართავს გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან და პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან.