დროა, ნატო-მ უკრაინა ალიანსში მიიწვიოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
სტოლტენბერგმა და ზელენსკიმ შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრეს, მათ შორის ხვალ დაგეგმილ „რამშტაინის ფორმატის“ შეხვედრაზე, ნატო-ს მომავალ სამიტსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანების რეალურ შანსებზე.
ზელენსკის თქმით, ვილნიუსში, ივლისში დაგეგმილი სამიტი შეიძლება, გახდეს ისტორიული.
„არ არსებობს ობიექტური მიზეზი, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება არ იქნეს მიღებული უკრაინის ნატო-ში მიწვევასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით ახლა, როდესაც ნატო-ს წევრ ქვეყნებში მოსახლეობის და უკრაინელთა უმეტესობა მხარს უჭერს ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებას. დადგა შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების დრო. შეუძლებელია ევროატლანტიკური გარემოს უსაფრთხოების წარმოდგენა უკრაინის გარეშე და ეს ხალხს ესმის. ჩვენ ურთიერთობის დღევანდელ ფორმატზე მეტი გვჭირდება. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ნატო-ს ქვეყნების მხრიდან სამხედრო დახმარებას, მაგრამ გვინდა, გავიგოთ, როდის გახდება უკრაინა ნატო-ს წევრი. ჩვენ გვინდა უსაფრთხოების გარანტიებიც ნატო-ში გაწევრიანების გზაზე“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
იენს სტოლტენბერგი დღეს კიევში ომის დაწყების შემდეგ პირველად ჩავიდა. უკრაინული მედიის ცნობით, ნატო-ს გენერალური მდივანი მიხაილოვსკის მოედანზეც იმყოფებოდა და ომში დაღუპულთა მემორიალი მოინახულა. ხვალ „რამშტაინის ფორმატის“ მორიგი შეხვედრა იგეგმება, რომელზეც უკრაინის სამხედრო საჭიროებებს განიხილავენ.