ვოლოდიმირ ზელენსკი - დონალდ ტრამპს საკმარისი დრო ჰქონდა, გაეგო, ვინ არის პუტინი, შეიძლება, მისთვის ზედმეტად შორს ვართ, თუმცა ომს მანძილი არ გააჩნია, ვფიქრობ, ამ სიტუაციას ვარდისფერი სათვალის გარეშე უნდა შეხედოს
ვოლოდიმირ ზელენსკი - დონალდ ტრამპს საკმარისი დრო ჰქონდა, გაეგო, ვინ არის პუტინი, შეიძლება, მისთვის ზედმეტად შორს ვართ, თუმცა ომს მანძილი არ გააჩნია, ვფიქრობ, ამ სიტუაციას ვარდისფერი სათვალის გარეშე უნდა შეხედოს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც უკრაინას ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარებას ურჩევდა, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიან ინტერვენციას ვარდისფერი სათვალით უყურებს. ამის შესახებ ზელენსკიმ „სიენენთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

„ვფიქრობ, მას საკმარისი დრო ჰქონდა, გაეგო, ვინ არის პუტინი. მიმაჩნია, რომ ის იკავებდა იმდენად მაღალ თანამდებობას, სადაც არ შეიძლება არ გესმოდეს, ვინ არის ჩვენი ხალხის ღირებულებების ოპონენტი. ვფიქრობ, ამისთვის გაქვს ყველანაირი ძალა, დაზვერვის მონაცემები და ფსიქოლოგიურ პორტრეტი. ამიტომ, უნდა გესმოდეს, ვინ არის რუსეთის პრეზიდენტი, რისკენ მიისწრაფვის და სად მიდის ის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც ზელენსკი მიიჩნევს, გასაკვირია, რომ ფართომასშტაბიანი ინტერვენციის შემდეგაც კი, დონალდ ტრამპი პუტინს გენიოსს უწოდებდა.

„ვფიქრობ, მან ამ ყველაფერს უნდა შეხედოს არა მხოლოდ უკრაინისთვის საფრთხის თვალსაზრისით. შეიძლება, ჩვენ მისთვის ზედმეტად შორს ვართ, თუმცა ომს მანძილი არ გააჩნია. ვფიქრობ, მან ამ სიტუაციას, ასე ვთქვათ, ვარდისფერი სათვალის გარეშე უნდა შეხედოს. არ ვიცი, შესაძლოა, მას ეს სჭირდებოდა მისი შიდა პოლიტიკისთვის, იმის ჩვენება, რომ ის მზად არის, რუსეთის პრეზიდენტთან გაგებას მიაღწიოს“, – განაცხადა ზელენსკიმ.