ვოლოდიმირ ზელენსკი - დღეს ტერორისტულმა სახელმწიფომ კიდევ ერთხელ სცადა ჩვენი ხალხის წამება და კიდევ ერთხელ დამარცხდა ჩვენი ცის დამცველებთან, მადლობა, ვინც უზრუნველყოფს საჰაერო თავდაცვას
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებულ შტატებს უკრაინის თავდაცვის ახალი პაკეტის ფარგლებში 1.2 მილიარდის გამოყოფისთვის მადლობას უხდის.
„გადმოგვეცემა არტილერია, სხვადასხვა აღჭურვილობა ტერორისტების რაკეტებისა და თვითმფრინავებისგან დასაცავად და ჩვენი დამცველების გასაძლიერებლად. მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ბაიდენს, კონგრესს – ორივე მხარეს და თითოეულ ამერიკელ ოჯახს მათი ურყევი მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიური ვიდეომიმართვისას.
ამასთან, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დანაშაულის ტრიბუნალის შექმნაზე მუშაობისთვის და აღნიშნა, რომ ახლა აუცილებელია, აგრესორს სრული პასუხისმგებლობა დაეკისროს.
„ტერორიზმის ყველა გამოვლინება უნდა განადგურდეს და ყველა ტერორისტი უნდა გასამართლდეს. დღეს, მას შემდეგ, რაც ტერორისტულმა სახელმწიფომ კიდევ ერთხელ სცადა ჩვენი ხალხის წამება და კიდევ ერთხელ დამარცხდა ჩვენი ცის დამცველებთან, მადლობას ვუხდი ჩვენს საჰაერო ძალებს და ჯარების სხვა დანაყოფებს, რომლებიც უზრუნველყოფენ საჰაერო თავდაცვას“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.