ვოლოდიმირ ზელენსკი - დარწმუნებული ვარ, უკრაინა და შვედეთი ერთად იქნებიან ალიანსში და უსაფრთხოების გარანტიას უზრუნველყოფენ
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ნატო-ს მოკავშირეებთან საუბრისას შვედეთის ალიანსში გაწევრიანების მხარდაჭერის საკითხი დააყენა. აღნიშნულის შესახებ ზელენსკიმ შვედეთის პრემიერ-მინისტრთან ულფ კრისტენსონთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, შვედეთმა ნატო-ს სასარგებლოდ აბსოლუტურად რაციონალური არჩევანი გააკეთა და ის უკრაინელების არჩევანის მსგავსია.
„დარწმუნებული ვარ, ჩვენი სახელმწიფოები ერთად იქნებიან ალიანსში და უზრუნველყოფენ უსაფრთხოების გარანტიას, განსაკუთრებით ბალტიისპირეთ-შავი ზღვა-აზოვის რეგიონში“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ზელენსკის განცხადებით, მან მოუწოდა თურქეთს, მხარი დაუჭიროს შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას.
„შვედეთის სასარგებლოდ არგუმენტები მოვიყვანე თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ბოლო შეხვედრაზე. ჩვენ გავაგრძელებთ ამ საქმეს მომავალში“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, ვილნიუსის ნატო-ს სამიტზე თურქეთი, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის განახლების სანაცვლოდ, შვედეთის ალიანსში გაწევრიანების რატიფიცირების მხარდაჭერას დათანხმდა.