ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენს სახელმწიფოს მარტონი ვიცავთ, მსოფლიოს უძლიერესი ძალები შორიდან გვაკვირდებიან, დაარწმუნა რუსეთი გუშინდელმა სანქციებმა?
ჩვენ ჩვენს სახელმწიფოს მარტონი ვიცავთ. მსოფლიოს უძლიერესი ძალები შორიდან გვაკვირდებიან. დაარწმუნა რუსეთი გუშინდელმა სანქციებმა? ჩვენს ვისმენთ საკუთარ ცასა და მიწაზე, რომ ეს არასაკმარისია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელემიმართვისას განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინელების სოლიდარობას შეუძლია მათი თავისუფლების დაცვა. მან უკრაინელებს მობილიზაციისკენ, ერთმანეთისა და არმიის დახმარებისკენ მოუწოდა.
„უკრაინელების ბედი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ, ჩვენს უკან სიმართლეა. ჩვენი ხასიათის განადგურება არ გამოუვათ. ჩვენი თავისუფლების წინააღმდეგ „კალიბრის“ რაკეტები უძლურია“, – აღნიშნავს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთს მაინც მოუწევს მათთან საუბარი იმაზე, როგორ დაასრულონ საბრძოლო მოქმედებები და შეაჩერონ ეს შეჭრა.
„რაც უფრო მალე დაიწყება საუბარი, მით ნაკლები დანაკარგი იქნება თავად რუსეთისთვის“, – აღნიშნავს ზელენსკი.
უკრაინის ლიდერმა რუსეთის მოქალაქეებსაც მიმართა: „რუსეთის ფედერაციის ძვირფასო მოქალაქეებო, როგორც უკვე ვთქვი, დღეს ღამით დაიწყო გმირ ქალაქ კიევის საცხოვრებელი კვარტლების დაბომბვა. ეს ყველაფერი 1941 წელს მოგვაგონებს. ყველა მოქალაქე, რომელიც საპროტესტო აქციაზე გამოდის – ჩვენ თქვენ გხედავთ. ეს ნიშნავს, თქვენ ჩვენი შეისმინეთ. ეს ნიშნავს, რომ თქვენ ჩვენი გჯერათ. იბრძოლეთ ჩვენთვის, იბრძოლეთ ომის წინააღმდეგ“, – აცხადებს ზელენსკი.
პრეზიდენტის თქმით, რუსი სამხედროები ცეცხლს განურჩევლად ხსნიან.
„ასეთი თავდასხმის მიზანი ზემოქმედებაა. ზემოქმედება თქვენზე, ძვირფასო მოქალაქეებო. ზემოქმედება მთელ ჩვენს საზოგადოებაზე. ხაზს ვუსვამ, არა მხოლოდ ხელისუფლებაზე, არამედ ყველა უკრაინელზე. დღეს კიდევ უფრო მეტად, ვიდრე გუშინ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.