ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენს გუნდს დავალება მივეცი, ზაფხულისთვის გაორმაგებულიყო თავდაცვა საჰაერო სისტემების მეშვეობით, გვაქვს შედეგი
ჩვენს გუნდს დავალება მივეცი, ზაფხულისთვის გაორმაგებულიყო თავდაცვა საჰაერო თავდაცვის სისტემების მეშვეობით, უპირველეს ყოვლისა, „პეტრიოტის“ ტიპის სისტემებით, გვაქვს შედეგი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს თავდაცვის სისტემის გაძლიერების მხრივ გაწეული დახმარებისთვის.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს საჰაერო თავდაცვის შესახებ შეთანხმებების შესრულებისთვის. ჩვენს თავს დავუსახეთ ამოცანა, გაგვეორმაგებინა ჩვენი საჰაერო თავდაცვის ფარის სიძლიერე და დღეს არის ამის დასაწყისი. მადლობას ვუხდი გერმანიას „პეტრიოტის“ ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის, რომელიც უკვე უკრაინაშია. მადლობას ვუხდი შეერთებულ შტატებს ჩვენი საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმისთვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინამ გერმანიისგან „პეტრიოტის“ ტიპის საჰაერო თავდაცვის მესამე სისტემა მიიღო.