ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ ძალიან რთულ მომენტში ვიმყოფებით, თუმცა გეოპოლიტიკურად და ფინანსურად რუსეთის შეჩერება მაინც შესაძლებელია
ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ ძალიან რთულ მომენტში ვიმყოფებით, თუმცა გეოპოლიტიკურად და ფინანსურად რუსეთის შეჩერება მაინც შესაძლებელია

ჩვენ ძალიან რთულ მომენტში ვიმყოფებით, თუმცა გეოპოლიტიკურად და ფინანსურად რუსეთის შეჩერება მაინც შესაძლებელია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან, ARD-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტმა ზელენსკის ჰკითხა, აძლევს თუ არა მას რამე იმედს, რომ ომი შეიძლება, მიმდინარე წელს დასრულდეს.

„უნდა გვჯეროდეს საკუთარი თავის, ხალხის, უკრაინის, გვჯეროდეს პარტნიორების და მშვიდობის, რადგან ნებისმიერი ომი მთავრდება. ვფიქრობ, ჩვენ ძალიან რთულ მომენტში ვიმყოფებით. გეოპოლიტიკურადაც და ფინანსურადაც მაინც შესაძლებელია რუსეთის შეჩერება, უკრაინის დანგრევის არდაშვება, ჩვენი ერის განადგურების, გლობალური მიგრაციის, მესამე მსოფლიო ომის არდაშვება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, ზელენსკი ინტერვიუში იმედს გამოთქვამს, რომ აშშ არ შეწყვეტს უკრაინის დახმარებას.

„მჯერა, ევროპა მარტო არ დარჩება, ეს კომპლექსური საკითხია. პირველი: ევროპა მარტო ვერ გაუმკლავდება იმ დონეზე, რომელზეც უკრაინა იღებდა ამ მხარდაჭერას, არც იარაღით და არც ფინანსებით. მთელი ევროპა თუ გაერთიანდებოდა, ალბათ ის შეძლებდა უკრაინისთვის საკმარისი მხარდაჭერის აღმოჩენას, თუმცა აშშ-ს აქვს გავლენა: როდესაც სიგნალები არ არის ძალიან პოზიტიური, მათ აქვთ ასეთივე გავლენა ევროპის ზოგიერთ ლიდერზე. ამიტომ მიმაჩნია, რომ აშშ-ში უკრაინის მხარდაჭერის პროცესი თუ გაჭიანურდება, ამას ექნება გავლენა გაერთიანებულ ევროპაზეც“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, ეს იქნება სერიოზული საფრთხე, რომლითაც ისარგებლებს პუტინი. „ეს იქნება სიგნალი, რომ ნატო არ იქნება ასეთი მტკიცე“, – აღნიშნა ზელენსკიმ და დასძინა, რომ ასეთ შემთხვევაში მოხდება მსოფლიოს გადანაწილება.