ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ დავიწყებთ იარაღის წარმოებას მიწის ქვეშ, რათა უკრაინელმა ჯარისკაცებმა თავის დაცვა მაშინაც შეძლონ, როცა პარტნიორებისგან მისი მოწოდება ფერხდება
დასავლელი მოკავშირეების მხრიდან სამხედრო დახმარების მიწოდების შეფერხების ფონზე უკრაინა საკუთარი იარაღის წარმოებას მიწის ქვეშ დაიწყებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„ჩვენ დავიწყებთ იარაღის წარმოებას მიწის ქვეშ, რათა უკრაინელმა ჯარისკაცებმა თავის დაცვა მაშინაც კი შეძლონ, როცა ჩვენი პარტნიორებისგან მოწოდება ფერხდება“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ მოკავშირეებს უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
„მსოფლიოში საკმარისი რაოდენობის საჰაერო თავდაცვის სისტემებია, რათა გარანტირებული იყოს რუსული ტერორის უშედეგობა. მოგიწოდებთ, უფრო აქტიურები იყოთ ამ საქმეში ჩვენთან ერთად საჰაერო თავდაცვის კუთხით“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, უკრაინას ომი თანდათან უკან რუსეთში გადააქვს, რათა პუტინმა იგრძნოს ზეწოლა და საბოლოოდ დაიწყოს მშვიდობის ძიება.