ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ არ ვისაუბრებთ მინსკში, დაე, იყოს ნებისმიერი სხვა ქალაქი იმ ქვეყნისა, საიდანაც უკრაინაში რაკეტები არ მოფრინავს
ჩვენ გვსურს მშვიდობა, შეხვედრა, ომის დასრულება, ვარშავა, ბრატისლავა, ბუდაპეშტი, სტამბოლი, ბაქო, ეს არის ყველა ქალაქი, რაც ჩვენ შევთავაზეთ რუსეთის მხარეს. დაე, იყოს ნებისმიერი სხვა ქალაქი იმ ქვეყნის, საიდანაც ჩვენ ქვეყანაში რაკეტები არ მოფრინავს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინა რუსეთს ბელარუსის ტერიტორიაზე არ შეხვდება.
ვიდეომიმართვისას ზელენსკიმ ბელარუს ხალხს მიმართა და იმ მიზეზებზე ისაუბრა, თუ რატომ არ სურს უკრაინას ბელარუსის ტერიტორიაზე მოლაპარაკებები გამართვა.
„დღეს ბევრი ახალი ამბავია შესაძლო მოლაპარაკებებზე უკრაინასა და რუსეთს შორის, რომლითაც შესაძლოა, ეს ომი დასრულდეს და მშვიდობა დაგვიბრუნდეს ყველას. ხშირად ახსენებენ ბელარუსს დედაქალაქს, მინსკს, როგორც ამ მოლაპარაკებების მოედანს, მოედანს, რომელიც ჩვენ არ აგვირჩევია და ფაქტობრივად არც თქვენ, არამედ ეს აირჩია რუსეთის ხელმძღვანელობამ. ახლა არის წინადადება შეხვედრა თქვენთან მოხდეს. ოთხი დღის წინ, ზუსტად ბელარუსის ტერიტორიიდან შემოფრინდა ფრთოსანი რაკეტები, თვითმფრინავები, ვერტმფრენები, შემოვიდა ტექნიკა. დაარტყეს ჩვენ სახლებს, დაარტყეს ჩვენ ცხოვრებას. შემოვიდა მძიმე ტექნიკა. ეს საშინელი დეჟავუა. კიევს თავს დაესხნენ დილის 04:00 საათზე. ვიღაცას იუმორის ასეთი გრძნობა აქვს. ეს მოხდა იმ დროს, როგორც 1941 წელს და თქვენ გეძინათ ბელარუსო ძმებო. ჩვენ კი გავიღვიძეთ. თქვენ კი ახლაც გძინავთ. ჩვენ კი იმ დროის მერე არ დავწოლილვართ. რადგან ჩვენ ვიბრძვით. ვიბრძვით ჩვენი ქვეყნისთვის, ვიბრძვით ჩვენი თავისუფლებისთვის, რადგან ამის სრული უფლება გვაქვს. რომ არ ყოფილიყო აგრესიული მოქმედებები თქვენი ტერიტორიიდან, ჩვენ შეგვეძლო მოლაპარაკებების გამართვა მინსკში. როდესაც ნეიტრალურები იყავით, ჩვენ ვვსაუბრობდით მინსკში, ბევრჯერ შევხვდით, უბრალოდ, მეზობლურად ვსაუბრობდით. ახლა თქვენ ჯერ კიდევ არ მიგიღიათ მთავარი გადაწყვეტილება. ეს დამოკიდებულია თქვენზე, არა რუსეთზე, არა უკრაინაზე, არა ამერიკაზე, არამედ ბელარუს ხალხზე. ზუსტად ამიტომ ჩვენ არ ვისაუბრებთ მინსკში. მოედანი შესაძლოა იყოს ნებისმიერი სხვა ქალაქი. რა თქმა უნდა ჩვენ გვსურს მშვიდობა, შეხვედრა, ომის დასრულება. ვარშავა, ბრატისლავა, ბუდაპეშტი, სტამბოლი, ბაქო, ეს არის ყველა რაც ჩვენ შევთავაზეთ რუსეთის მხარეს. დაე, იყოს ნებისმიერი სხვა ქალაქი იმ ქვეყნის, საიდანაც ჩვენ ქვეყანაში რაკეტები არ მოფრინავს. მხოლოდ ასე შეიძლება იყოს მოლაპარაკება სამართლიანი და შეიძლება ნამდვილად დაასრულოს ომი. გააკეთეთ სწორი არჩევანი. დარწმუნებული ვარ, ეს არის თქვენი დიდებული ერის მთავარი არჩევანი“, – განაცხადა ზელენსკიმ.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა დღეს განაცხადა, რომ მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, რუსეთის დელეგაცია უკრაინელებთან მოლაპარაკებისთვის ბელარუსში ჩავიდა.