ვოლოდიმირ ზელენსკი - არ გვჯერა, რომ რუსეთი კვლავ არ მოისურვებს აგრესიით დაბრუნებას უკრაინიდან ოკუპანტების განდევნის შემდეგაც
არ გვჯერა, რომ რუსეთი კვლავ არ მოისურვებს აგრესიით დაბრუნებას უკრაინიდან ოკუპანტების განდევნის შემდეგაც, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ზელენსკის თქმით, უკრაინა სახელმწიფოებრიობის დღეს უკვე მეორედ აღნიშნავს ფართომასშტაბური ომის პირობებში და ყველა უკრაინელს სურს, მომავალ წელს ეს დღე თავისუფალ დედაქალაქში გამარჯვებით აღნიშნონ.
„ჩვენი სახელმწიფოებრიობის ათას წელზე მეტი ხნის ისტორია გვეუბნება, რომ სწორედაც უნდა გავიმარჯვოთ. არ გავჩერდეთ, არ ვივაჭროთ, არ მივენდოთ ბედის ნებას, არამედ გავიმარჯვოთ და ვაშენოთ ისეთი ძლიერი სახელმწიფო, რომ მისი თავდაცვის პოტენციალმა და შესაძლებლობამ, ჩვენი ხალხის საკუთარ თავში რწმენამ, იარაღმა უკრაინელების ხელში და ყველას ერთიანობამ სახელმწიფოში უზრუნველყოს უკრაინის სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება და ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიის არგანმეორება. არ გვჯერა, რომ რუსეთი კვლავ არ მოისურვებს აგრესიით დაბრუნებას მთელი ჩვენი მიწიდან ოკუპანტების განდევნის შემდეგაც. უკრაინის გამარჯვება შესაძლებელია“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, სახელმწიფოებრიობა არასდროს არის მოცემულობა, ის არის უკრაინისთვის მსახურებისა და მუშაობის შედეგი.
„სახელმწიფოებრიობა, რომელიც ვინმემ შეიძლება, აღიქვას როგორც ფულის შოვნა ან ძალაუფლების, ამბიციების დევნა, სხვებისთვის – ძლიერებისთვის და სუფთებისთვის – ის ხდება უმაღლესი მსხვერპლი – სიცოცხლე, რომელსაც ჩვენი გმირები სწირავენ ყველა ჩვენგანისთვის, უკრაინის თავისუფლებისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე ზელენსკიმ უკრაინელი დამცველები დააჯილდოვა.