ვოლოდიმირ ზელენსკი - არ გვინდა, მოლაპარაკებების რაიმე ფორმატი, მშვიდობის რაიმე ფორმულა მოგვახვიონ თავს, მნიშვნელოვანია, ინიციატივა მხოლოდ უკრაინიდან მოდიოდეს
ჩვენ არ გვინდა, მოლაპარაკებების რაიმე ფორმატი მოგვახვიონ თავს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„არ გვინდა, მოლაპარაკებების ფორმატი, მშვიდობის რაიმე ფორმულა მოგვახვიონ თავს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინიციატივა მხოლოდ უკრაინიდან მოდიოდეს. ეს არჩევნების წელია და ნამდვილად არ მინდა, რომ არჩევნების შემდეგ სხვადასხვა ქვეყნიდან, არადემოკრატიული ან ძალიან დემოკრატიული ქვეყნიდან მოდიოდეს საკუთარი ინიციატივა, რომელიც არ დაემთხვა იმ ქვეყნის ინტერესებს, რომელიც დღეს ომშია“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, პირველ „მშვიდობის სამიტზე“, რომელიც გაზაფხულზე უნდა გაიმართოს რუსეთის მონაწილეობის გარეშე, შეიმუშავებენ გეგმას, შემდეგ ქვეყნები ტექნიკურად გაუმკლავდებიან თითოეულ კრიზისს, რომელიც ომმა მოიტანა.
ამასთან ერთად, ზელენკისმ აღნიშნა, რომ „მარცვლეულის ინიციატივა“ რუსეთის ფედერაციის მონაწილეობის გარეშე შემუშავდა, შემდეგ კი გეგმა რუსულ მხარეს გადაეცა და როდესაც რუსეთი გავიდა ინიციატივიდან, უკრაინამ მოაწყო „მარცვლეულის დერეფანი“ მისი მონაწილეობის გარეშე.
„ასეა სამიტზეც. როცა ქვეყნები მოამზადებენ შესაბამის დოკუმენტს, ეს იქნება სამართლიანი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთი მიიღებს ამ დოკუმენტს. ვერავინ იძლევა გარანტიას, რომ რუსეთი მიიღებს ამ დოკუმენტს. ჩვენ არ ვიცით, ვინ იქნება იქ მათ მხარეებთან ერთად, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ვამბობთ, რომ ამ დოკუმენტს, ისევე, როგორც „მარცვლეულის ინიციატივის“ ფორმატში, მოლაპარაკების მონაწილეები ამა თუ იმ ფორმატში წარუდგენენ რუსულ მხარეს.
ამის შემდეგ ჩვენ მზად ვიქნებით მეორე სამიტისთვის, რომ გადავდგათ შესაბამისი დიპლომატიური ნაბიჯები სამართლიანი მშვიდობისა და ომის დასრულებისკენ. ეს ჩვენი ინიციატივაა და გვინდა, რომ მსოფლიოს რაც შეიძლება მეტი ქვეყანა იყოს ჩვენთან ერთად. ჩვენ წინ უნდა წავიდეთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.