ვოლოდიმირ ზელენსკი - ან გაიმარჯვებს მთელი ევროპა, უკრაინასთან, მოლდოვასთან, მომავალში საქართველოსა და ბელარუსთან ერთად, ან გაიმარჯვებს წარსული
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს, მხარი დაუჭირონ წლის ბოლოს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა ასრულებს ევროკავშირის რეკომენდაციებს მომავალ გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
„უკრაინამ პრაქტიკულად შეასრულა ევროკომისიის შვიდი რეკომენდაცია, სადაც იყო უფრო მარტივი და უფრო რთული გადაწყვეტილებები პოლიტიკოსებისთვის, თუმცა მათ შეასრულეს. ჩვენ ვიმედოვნებთ თქვენს ერთიანობას ამ გადაწყვეტილების საპასუხოდ. ვიმედოვნებ, რომ დაიწყებთ მოლაპარაკებებს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, ეს გადაწყვეტილება „განსაზღვრავს ევროკავშირის მთელ მომავალ გზას“.
„ან გაიმარჯვებს მთელი ჩვენი ევროპა, უკრაინასთან ერთად, მოლდოვასთან ერთად და მომავალში საქართველოსა და ბელარუსთან ერთად, ან გაიმარჯვებს წარსული. დარწმუნებული ვარ, თქვენ ყველანი თანამედროვე ევროპის მხარეს ხართ. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მედიის ცნობით, ევროკომისია ემზადება, რომ 8 ნოემბერს გამოაქვეყნოს უკრაინის პროგრესის შესახებ შეფასება.