ვოლოდიმირ ზელენსკი - ალექსეი დანილოვი სხვა მიმართულებით გადადის, ამის შესახებ მეტს მოგვიანებით გაიგებთ
ვოლოდიმირ ზელენსკი - ალექსეი დანილოვი სხვა მიმართულებით გადადის, ამის შესახებ მეტს მოგვიანებით გაიგებთ

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ყოფილი მდივანი ალექსეი დანილოვი სხვა მიმართულებით დაიწყებს მუშაობას, თუმცა ზელენსკის არ დაუკონკრეტებია, სად განაგრძობს მუშაობას.

„დღეს განვაგრძეთ ჩვენი სახელმწიფოს მართვის სისტემის გადატვირთვა, გვაქვს საკადრო ცვლილებები. მადლობელი ვარ ალექსეი დანილოვის უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის თანამდებობაზე მუშაობისთვის. ის სხვა მიმართულებით გადადის. ამის შესახებ მეტს მოგვიანებით გაიგებთ. ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ახალ მდივნად ალექსანდრე ლიტვინენკო დავნიშნე. ის უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელობის გამოცდილებას შეუთავსებს იმ ამოცანებს, რაც ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს აქვს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსეი დანილოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ალექსეი დანილოვს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის პოსტი ეკავა. ვოლოდიმირ ზელენსკის კიდევ ერთი ბრძანებით, აღნიშნულ თანამდებობაზე საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ალექსანდრ ლიტვინენკო დაინიშნა.