ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის სამხრეთში უკვე გათავისუფლებულია 41 დასახლებული პუნქტი
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის სამხრეთში უკვე გათავისუფლებულია 41 დასახლებული პუნქტი. ამის შესახებ განცხადება ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში გააკეთა.
პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, დროის რა მონაკვეთში გათავისუფლდა ეს დასახლებები. მანამდე უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ბოლო 24 საათში ხერსონისა და ნიკოლაევის ოლქებში 12 დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა რუსი ოკუპანტებისგან.
„დღეს კარგი ახალი ამბები გვაქვს სამხრეთიდან. იმ უკრაინული დროშების რაოდენობა, რომლებიც საკუთარ ადგილებს უბრუნდება თავდაცვითი ოპერაციის მიმდინარეობისას, უკვე ათეულობითაა. გათავისუფლებულია 41 პუნქტი. მადლობა ყველა ჩვენს გმირს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს წინსვლას. შეირაღებულ ძალებს, დაზვერვას, სპეციალურ ძალებს… ყველას. დღეს ყველა ბედნიერები ვართ, ვიხილოთ, თუ როგორ ხვდებიან ოკუპირებულ სოფლებსა და ქალაქებში დარჩენილები ჩვენს მეომრებს. ახლა ბევრი, საათში ერთხელ ამოწმებს, სად მივიდნენ ჩვენი ქვედანაყოფები და სად აღიმართა სახელმწიფო დროშა. მაგრამ სიხარულთან ერთად უნდა გვახსოვდეს დღეს და ყოველთვის, თუ რას ნიშნავს ეს მოძრაობა, რომ ჩვენი თავდაცვითი ძალების ყოველი ნაბიჯი – ჩვენი მეომრების ტოლფასია. ეს არის სიცოცხლე, რომელსაც უკრაინელების თავისუფლებისთვის წირავენ. ყველაფერი ის, რაც დღეს ხდება, მიღწეულია რამდენიმეთვიანი ხისტი ბრძოლით. მიღწეულია მათი სიმამაცით, ტკივილით და დანაკარგით. მტერი კი არ მიდის, ეს უკრაინელები დევნიან მათ დიდი ფასის გადახდის შედეგად“, – განაცხადა ზელენსკიმ.