ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად, ბოლო ერთ დღეში ტელეფონით 11 ქვეყნის ლიდერებს ესაუბრა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ბოლო ერთი დღის განმავლობაში ტელეფონით ესაუბრა 11 ქვეყნის ლიდერებს უკრაინის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
კერძოდ, მისი თქმით, ის ესაუბრა ლატვიის, საბერძნეთის, შვედეთის, ესტონეთის, ჩეხეთის, ბელგიის, ავსტრიის, სლოვენიის, მოლდოვის და ასევე ლიეტუვის პრეზიდენტ ნაუსედას, რომელსაც გამოუცხადა სრული მხარდაჭერა რუსეთის კალინინგრადის ოლქის გარშემო შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით.
„გავაგრძელებ ასეთ მარათონს – ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ჩვენი სახელმწიფოსთვის მაქსიმალური მხარდაჭერა. საკვანძო ევროპულ გადაწყვეტილებას საღამოსთვის ველოდებით“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მან ასევე უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.
„დამპყრობლებმა ნიკოლაევში შვიდი რაკეტა ჩამოაგდეს. საბედნიეროდ, დაღუპულები არ არიან, ხუთი ადამიანი დაშავებულია. დარტყმები განხორციელდა ხარკოვის ოლქში. არის მსხვერპლი. ცეცხლი გაუხსნეს ჩერნიგოვის და სუმ-ის ოლქების საზღვრებს. დონბასში გრძელდება მასიური საავიაციო და საარტილერიო დარტყმები. დამპყრობლების მიზანი ამ მიმართულებით უცვლელია – მათ ნაბიჯ-ნაბიჯ სურთ მთელი დონბასის განადგურება. ლისიჩანსკის, სლავიანსკის, კრამატორსკის – ნებისმიერი ქალაქი მათ უნდათ, რომ აქციონ ისეთად, როგორიც მარიუპოლია. მთლიანად განადგურებულად. სწორედ ამიტომ ჩვენ მუდმივად ხაზს ვუსვამთ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების დაჩქარებას. ბრძოლის ველზე სასწრაფოდ საჭიროა პარიტეტი, რომ გავაჩეროთ ეს ეშმაკისეული არმადა და გავწიოთ ის უკრაინის საზღვრებს მიღმა“, – განაცხადა ზელენსკიმ,
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მადლობა გადაუხადა აშშ-ის უკრაინის ტერიტორიაზე რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიებაში დახმარებისთვის.