ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის ძალები ყოველდღიურად წინ მიიწევენ და მათ ვერ შეაჩერებს ინფრასტრუქტურაზე რუსეთის ტერორისტული დარტყმები
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის ძალები ყოველდღიურად წინ მიიწევენ და მათ ვერ შეაჩერებს ინფრასტრუქტურაზე რუსეთის ტერორისტული დარტყმები

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის ძალები ყოველდღიურად წინ მიიწევენ და მათ ვერ შეაჩერებს ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიერ განხორციელებული ტერორისტული დარტყმები. ამის შესახებ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„ტერორისტების ვერც ერთი მსგავსი დარტყმა ვერ შეაჩერებს ჩვენს დამცველებს. რუსი პროპაგანდისტები ტყუიან, როდესაც ამბობენ, თითქოს ჩვენი ინფრასტრუქტურის და ხალხის წინააღმდეგ ეს ტერორი რამენაირად შეაფერხებს ჩვენი სამხედროების აქტიურ მოქმედებებს ან შეუქმნის რამე სირთულეებს ჩვენს თავადაცვას. უკრაინელები ერთიანი არიან და ზუსტად იციან, რომ რუსეთს ამ ომში გამარჯვების შანსები არ აქვს. ჩვენი თავდაცვის ძალები იღებენ ყველაფერს, რაც აუცილებელია სახელმწიფოს დასაცავად და ყოველდღიურად, ხაზს ვუსვამ – ყოველდღიურად მიიწევენ წინ. კარგ შედეგებს აჩვენებენ ჩვენი საჰაერო ძალებიც. რა თქმა უნდა, ჩვენ ჯერ არ გვაქვს ტექნიკური შესაძლებლობა, ჩამოვაგდოთ რუსული რაკეტების და დრონების 100%. თანდათან ჩვენ აქამდეც მივალთ – ჩვენი პარტნიორების დახმარებით, მე ამაში დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის ლიდერმა ასევე კვლავ მოუწოდა უკრაინელებს, დაზოგონ ელექტროენერგია და დაგეგმონ თავიანთი დღე დენის მიწოდების გრაფიკის მიხედვით.

„ტერორისტების ძირითადი სამიზნე ენერგეტიკაა. ამიტომ ახლა, გთხოვთ, უფრო ყურადღებით მიუდექით ელექტროენერგიის შეგნებულად მოხმარების აუცილებლობას. უკრაინის თითოეულ ქალაქზე და რაიონზე დამოკიდებულია ჩვენის სახელმწიფოს ენერგეტიკის მუშაობის სტაბილურობა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინა მუშაობს მსოფლიოში რუსი პროპაგანდისტების, ასევე შოუ-ბიზნესის წარმომადგენლების წინააღმდეგ სანქციების დასაწესებლად.

„რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე მომუშავე საერთაშორისო სამუშაო ჯგუფმა, რომელსაც მაიკლ მაკფოლი და ანდრეი ერმაკი ხელმძღვანელობენ, ინდივიდუალური საქნციების საგზაო რუკა მოამზადა. მოამზადა იმ პირების საბაზისო ჩამონათვალი, რომლებიც დაკავშირებულები არიან ნარატივების გავრცელებასთან, რომლის გარეშეც რუსული ტერორი შეუძლებელია“, -განაცხადა ზელენსკიმ.