ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი შორ მანძილზე ინტენსიურ დაბომბვას თუ გააგრძელებს, უკრაინას, შესაძლოა, საჰაერო თავდაცვის სისტემები ამოეწუროს
უკრაინას, შესაძლოა, საჰაერო თავდაცვის სისტემები ამოეწუროს, თუ რუსეთი შორ მანძილზე ინტენსიურ დაბომბვას გააგრძელებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა.
ზელენსკის განცხადებით, მას ჯერ კიდევ სჯერა, რომ დახმარების ძირითად პაკეტს აშშ-ის კონგრესი დაამტკიცებს.
„რაც შეეხება ამერიკის დახმარებას, მას ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მაინც მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია, მივიღოთ დადებითი ხმა აშშ-ის კონგრესში. სამწუხაროდ, ჩვენ ამ ვითარების მძევლები ვართ. სამწუხაროდ, უკრაინის საკითხი, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის საკითხი აშშ-ში საშინაო პოლიტიკის საკითხი გახდა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ჟურნალისტმა ვოლოდიმირ ზელენსკის დახმარების პაკეტის სესხის სახით მიღების შესაძლებლობის შესახებაც ჰკითხა. ზელენსკის თქმით, უკრაინა ნებისმიერ ვარიანტს დათანხმდება.
„მაგიდაზე ბევრი განსხვავებული ვარიანტია. ერთ-ერთი სენატორი ახლახან იყო აქ და მკითხა: „თანხმდებით თუ არა სესხის აღებას?“ მე ვკითხე, რა ვარიანტები არსებობდა. მან მითხრა: „კარგი, დავუშვათ, რომ ვარიანტები ასეთია: აიღოთ სესხი ან ვერ მიიღოთ ვერაფერი“. მე ვკითხე, რატომ მაძლევ ისეთ არჩევანს, სადაც არჩევანის საშუალება არ მაქვს, მოდი, ვიყოთ გულწრფელი ერთმანეთის მიმართ. ამიტომ ჩვენ დავთანხმდებით ნებისმიერ ვარიანტზე“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სამომავლოდ მთელი უკრაინის დასაფარად მათ 25 „პატრიოტის“ ტიპის სისტემა სჭირდებათ, თუმცა არ დააკონკრეტა, რამდენი ასეთი სისტემა აქვთ ახლა. ზელენსკიმ დასძინა, რომ ამ საჭიროებების შესახებ მათ პარტნიორებს ინფორმაცია აქვთ.