ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ თეთრი სახლის წარმომადგენლები უახლოეს მომავალში უკრაინაში „გამარჯვების გეგმაზე“ სასაუბროდ ჩავლენ
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ თეთრი სახლის წარმომადგენლები უახლოეს მომავალში უკრაინაში „გამარჯვების გეგმაზე“ სასაუბროდ ჩავლენ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თეთრი სახლის წარმომადგენლები უახლოეს მომავალში უკრაინაში „გამარჯვების გეგმაზე“ სასაუბროდ ჩავლენ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

სატელევიზიო ინტერვიუში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ „გამარჯვების გეგმა“ პირველად წარუდგინა აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს და უკუკავშირი თითქმის მაშინვე მიიღო.

„უკუკავშირთან დაკავშირებით მე ველოდები თეთრი სახლის გუნდს უკრაინაში. ველოდები და უახლოეს მომავალში ისინი აქ იქნებიან ამა თუ იმ პასუხით“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ, „გამარჯვების გეგმის“ ერთ-ერთი პუნქტის შესაბამისად, აშშ მომდევნო თვეებში უკრაინას სამხედრო დახმარების რამდენიმე დიდ პაკეტს გამოუყოფს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ვერ გაამჟღავნებს ზუსტ ინფორმაციას ამ დახმარების მოცულობის შესახებ.

„ვფიქრობ, ეს დახმარების პაკეტები დიდი იქნება: ნახევარი მილიარდიდან 750 მილიონამდე. ვფიქრობ, ეს საკმაოდ სწრაფი პროცესი იქნება. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომდევნო თვეებში, რაზეც გათვლილია გამარჯვების გეგმა, ოქტომბერ-დეკემბერში, მაქსიმალურად გავაძლიეროთ უკრაინა“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, კიევისთვის სამხედრო დახმარების ბოლო პაკეტი, რომელიც 425 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარებას მოიცავდა, აშშ-მა 16 ოქტომბერს გამოაცხადა.