ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ სი ძინპინთან სატელეფონო საუბრისას უკრაინის სამშვიდობო ინიციატივებში პეკინის ჩართვის საკითხი განიხილა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან სატელეფონო საუბრის დროს უკრაინის სამშვიდობო ინიციატივებში პეკინის ჩართვა განიხილა და ხაზი გაუსვა უკრაინის სუვერენიტეტის მხარდაჭერის აუცილებლობას.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი საუბარი. რაც შეეხება მომავალ შეხვედრას, ამაზე არ გვისაუბრია. რაც შეეხება მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებზეც ვისაუბრეთ, პირველ რიგში, ისინი ეხებოდა უსაფრთხოებას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ფორმატში, ჩვენს მშვიდობის ფორმულაში, რაც შეიძლება, მეტი ქვეყანა ჩავრთოთ, რომლებიც შემდეგ შეძლებდნენ რუსეთზე ზეწოლას, რათა აღდგეს მშვიდობა, აღდგეს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სი ძინპირნთან მან ისაუბრა ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტზე და მოისმინა ყველა ამ პრინციპის მიმართ პატივისცემა.
ჩინეთის ლიდერსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი 26 აპრილს შედგა. ეს უკრაინაში რუსეთის მიერ ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან სი ძინპინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის პირველი საუბარი იყო.