ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ სამშაბათს უკრაინის სხვადასხვა ქალაქზე განხორციელებული სარაკეტო იერიშები რუსეთის უძლურებაზე მეტყველებს
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ სამშაბათს უკრაინის სხვადასხვა ქალაქზე განხორციელებული სარაკეტო იერიშები რუსეთის უძლურებაზე მეტყველებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან სამშაბათს უკრაინის სხვადასხვა ქალაქზე განხორციელებული სარაკეტო იერიშები რუსეთის უძლურებაზე მეტყველებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მორიგი ვიდეომიმართვისას განაცხადა.

„ნათელია, რომ რუსულმა მხარემ დღეს ძალიან ნერვიულად მოახდინა რეაგირება ჩვენს წარმატებებზე. უკრაინის სხვადასხვა ქალაქზე განხორციელდა სარაკეტო იერიშები: ლვოვზე, ვინიცაზე, კიევის ოლქზე, დნეპროპეტროვსკის ოლქზე, ოდესაზე, ხარკოვის ოლქზე. ასეთი მასშტაბი ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთს აქვს განსაკუთრებული სამხედრო მიზანი. ზაკარპატიეზე იერიშის განხორციელება რას აძლევს რუსეთს? ისინი ავლენენ უძლურებას, რადგანაც უკრაინა მათ ძალებს აღემატება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთს ჯერ კიდევ შეუძლია ხარკოვის პარკში დაწვას საბავშვო ატრაქციონები, გაანადგუროს ხიდი, ხორბლის საწყობი ან საცხოვრებელი სახლები.

„რაც მეტი იქნება ასეთი იერიშები, მით უფრო შორს აღმოჩნდება რუსეთი ცივილიზაციისგან“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვისას.