ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსმა სამხედროებმა უკრაინის მიმართულებით ასზე მეტი რაკეტა და დაახლოებით ასი უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსმა სამხედროებმა უკრაინის მიმართულებით ასზე მეტი რაკეტა და დაახლოებით ასი უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა სპეციალურ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
ზელენსკის შეფასებით, რუსეთის მიერ დღეს დილით განხორციელებული დარტყმა ომის მიმდინარეობის პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო და რუსეთმა ასზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა და დაახლოებით ასი „კამიკაძე“ დრონი გამოიყენა.
„როგორც რუსეთის წინა თავდასხმების უმეტესობა, ეს იერიშიც ასევე ვერაგულია, მიმართულია კრიტიკული სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ“, – ამბობს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, თავდასხმის შედეგად ბევრი ენერგეტიკული ობიექტი დაზიანდა, თუმცა, მისივე თქმით, ყველგან, სადაც ელექტროენერგიის გათიშვა გახდა საჭირო, უკვე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
ზელენსკიმ დაამატა, რომ ვლადიმერ პუტინს „შეუძლია, გააკეთოს მხოლოდ ის, რისი გაკეთების უფლებასაც მსოფლიო აძლევს. სისუსტე, არასაკმარისი გადაწყვეტილებები და პასუხი ტერორს კვებავს“.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ყველა ლიდერმა, უკრაინის ყველა პარტნიორმა იცის, რა გადაწყვეტილებებია საჭირო ომის შესაჩერებლად და ამის სამართლიანად გასაკეთებლად.
ცნობისთვის, 26 აგვისტოს დილით რუსეთმა მასირებული თავდასხმა განახორციელა უკრაინაზე. შედეგად, ბოლო ცნობებით, დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა. რუსეთის იერიშს მსხვერპლი მოჰყვა ჟიტომირის, ვოლინის, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვისა და ზაპოროჟიეს ოლქებში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში დაადასტურეს, რომ დარტყმის სამიზნე იყო უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ განახორციელეს „მასობრივი ჯგუფური დარტყმა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, რომლებიც უზრუნველყოფდნენ უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მუშაობას“. თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „ყველა სამიზნე განადგურებულია“.