ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების დასაწყებად უკრაინაზე ზეწოლას აზრი არ აქვს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების დასაწყებად უკრაინაზე ზეწოლის განხორციელებას აზრი არ აქვს. აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ესპანეთის პრემიერ-მინისტრთან, პედრო სანჩესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„უკრაინაზე ზეწოლას აზრი არ აქვს, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთი მოვა ევროპაში ევროპაზე ზეწოლისთვის“, – აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.
მისი თქმით, ფართომასშტაბური ომის დაწყების შემდეგ ყველასთვის გასაგები გახდა, რომ რუსეთი არის ტერორისტული ორგანიზაცია.
„ჩვენზე ზეწოლა უფრო მეტად ომამდე იყო. ინტერვენციის დაწყების შემდეგ კი ყველასთვის გასაგებია, რომ რუსეთი სახელმწიფო კი არა, ტერორისტული ორგანიზაციაა, რომელიც მოვიდა მოსაკლავად და ტერიტორიების დასაპყრობად. ყველამ გაიგო, რომ უკრაინის და ყოველივე უკრაინულის განადგურების საკითხი დგას“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინაზე ზეწოლის განხორციელება შეუძლებელია.
„სურს ვინმეს ამის გაკეთება? დიახ, თუმცა ეს ადამიანები ნაკლებად ლაპარაკობენ ხმამაღლა და ეს შესანიშნავია, მათ უფრო მეტად ესმით, ვისთან ჰქონდათ ადრე დიალოგი“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის მიზანს უკრაინის ტერიტორიის დაპყრობა წარმოადგენს. „კვლავ იწევა ისტორიული საზღვრების თემა. ეს მეტყველებს იმაზე, რისი დაპყრობა სურთ მათ და ამ მიტაცებისთვის გამართლებას ეძებენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.