ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთთან დიალოგის წარმოების აზრს მხოლოდ იმ შემთხვევაში ხედავს, თუ მოლაპარაკება ვლადიმერ პუტინთან გაიმართება
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთთან დიალოგის წარმოების აზრს მხოლოდ იმ შემთხვევაში ხედავს, თუ მოლაპარაკება ვლადიმერ პუტინთან გაიმართება. ამის შესახებ მან ჰოლანდიურ ტელეარხ Nieuwsuur-თან ინტერვიუში განაცხადა.
„მან ჩამოაყალიბა სახელმწიფო, სადაც არავის შეუძლია, მიიღოს გადაწყვეტილებები. მნიშვნელობა არ აქვს, რას ამბობს მათი საგარეო საქმეთა მინისტრი, მნიშვნელობა არ აქვს, გამოგზავნის თუ არა დელეგაციას ჩვენთან. ეს ხალხი არაფერს ნიშნავს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ უკრაინა ამ ომს მოიგებს.
„საკითხი მდგომარეობს იმაში, რა ფასად და როდის. ჩემთვის გამარჯვება ნიშნავს ჩვენი ყველა ტერიტორიის დაბრუნებას. არ მგონია, რომ შევძლებთ სამხედრო გზით დავიბრუნოთ ყველა ტერიტორია. თუ გადავწყვეტთ ამის გაკეთებას, ეს ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე დაგვიჯდება. თითოეულ უკრაინელს სურს დონბასისა და ყირიმის დაბრუნება. ვფიქრობ, უნდა დავუბრუნდეთ, თუნდაც 24 თებერვლამდე არსებულ ვითარებას, მაშინ შესაძლებელი იქნება საუბარი დიპლომატიური გზით ჩვენი ტერიტორიების აღდგენაზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.