ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთს ბოლო 30 წლის განმავლობაში არ დაუკარგავს იმდენი საავიაციო ტექნიკა, რამდენიც 13 დღეში უკრაინაში დაკარგა
უკრაინის პრეზიდენტი ახალ ვიდეომიმართვას ავრცელებს. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ოკუპანტებმა ავიაბომბებით კვლავ დაბომბეს მშვიდობიანი ქალაქი სუმი, მარიუპოლში კი, პირველად ათწლეულების განმავლობაში და პირველად ნაცისტების შეჭრის შემდეგ, გაუწყლოებისგან ბავშვი გარდაიცვალა.
როგორც ზელენსკი აცხადებს, რუსეთს ბოლო 30 წლის განმავლობაში არ დაუკარგავს იმდენი საავიაციო ტექნიკა, რამდენიც 13 დღეში უკრაინაში დაკარგა. მისი თქმით, სწორედ ამდენივე დღეა, დასავლეთისგან ისმენენ დაპირებებს, რომ ცასთან დაკავშირებით დაეხმარებიან და თვითმფრინავებს გადასცემენ.
უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, ავიადარტყმების შედეგად და ბლოკირებულ ქალაქში დაღუპულ თითოეულ მოქალაქეზე პასუხისმგებლობას აკისრებს რუსეთს, ასევე დასავლეთში იმ პირებს, რომლებიც ამ 13 დღის განმავლობაში გადაწყვეტილების მიღებას ვერ ახერხებენ, რომელთაც ვერ შეძლეს უკრაინული ცის დახურვის უზრუნველყოფა.
ჰუმანიტარულ დერეფნებთან დაკავშირებით პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ხალხი შიშობს, რომ ტრანსპორტირებისას შესაძლოა, მათ ცეცხლი გაუხსნან.